საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკს შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, ასევე, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში უწყების როლით დაინტერესდა, რაზეც სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.
ირაკლი შოთაძემ სტუმარს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან.
შეხვედრის დასასრულს გენერალურმა პროკურორმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.