„სანამ ეს ტელევიზიები არსებობენ, სანამ „რუსთავი2" არსებობს და სანამ მასმედია ნაციონალების მიერ გამოწვრთნილი ჟურნალისტებით არის გავსებული, სააკაშვილი აქ არის!" - ამ განცხადებას პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ დასავალთან" საუბრისას აკეთებს. ის ასევე „რესპუბლიკელებზე" საუბრობს და ამბობს, რომ თუ მომავალ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია ისევ კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი იქნება, „ქართულ ოცნებას" ხმას არ მისცემს.
„ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ სად არის სააკაშვილი? მეტყვიან, უკრაინაში არისო. არა, სააკაშვილი აქ არის, დიახ, აქ! სანამ ეს ტელევიზიები არსებობენ, სანამ „რუსთავი2" არსებობს და სანამ მასმედია ნაციონალების მიერ გამოწვრთნილი ჟურნალისტებით არის გავსებული, სააკაშვილი აქ არის!
ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და კიდევ 30 წლით „კონცლაგერში" ცხოვრებას გადაგვარჩინა, მაგრამ როცა ვამბობ, რომ დღესაც ისეთივე მძიმე მდგომარეობაა და შესაძლოა, უარესიც კი, იმას ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში რესპუბლიკური პარტია ბობოქრობს
კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად დამაზიანებს ის განცხადება, რომელსაც ახლა გავაკეთებ, მაგრამ ჩემთვის, პირველ რიგში ჩემი სამშობლოა და ამიტომაც მირჩევნია, ახლავე ვთქვა, რასავ ვფიქრობ, ვიდრე მერე, სხვებისკენ დავიწყო თითის გაშვერა და საყვედურები.
ხმამაღლა ვაცხადებ - თუ მომავალ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია ისევ კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი იქნება (და როგორც ჩანს, ისევ იქნება), მე „ქართულ ოცნებას" ხმას არ მივცემ.
მეტიც, ჩემს გარშემო ყველას მოვუწოდებ, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ იმ კოალიციას, რომლის დომინანტი რესპუბლიკური პარტიაა!
არა მგონია, მკითხველისთვის, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს, იმის ახსნა დამჭირდეს, თუ რატომ ვარ ასეთი კატეგორიული, მაგრამ ორი-სამი წინადადებით მაინც ავხსნი ჩემს პოზიციას.
თუ „რესპუბლიკელები" კოალიციაში დარჩებიან , მაშინ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, „ბიჭების სამშობიარო" გაიხსნება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ქუჩაში ორსული და პომადიანი ყმაწვილები მომრავლდნენ", - ამბობს ამაშუკელი.