ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს გოდერძის დაბადების დღეა, ჩვენი გოდერძი ჩოხელის!
მოსაგონარი ბევრი რამ არის. ადრეც მითქვამს, ხვალ-ზეგაც გავიხსენებთ რამე-რუმეს. დღეს კი გავიხსენოთ, პატივი მივაგოთ და...
მოვეფეროთ!!!!
მოვეფეროთ მის სახელს, მის დანატოვარს, მის განვლილ გზას...
მოვეფეროთ ბროლივით სუფთას, წყაროსავით ანკარას, ბავშვივით მიამიტს, უალალეს და... უკიდეგანოდ ნიჭიერ შემოქმედს, ნამეტნავად ადრე რომ გაეცალა ამ მიწიერ ცხოვრებას.
სამწუხაროდ. და ათასჯერ სამწუხაროა, რომ ვისაც შეეძლო მის გადასარჩენად გაეღო შეძლებისა და გულის სითბოს ნაწილი, არ(ვერ) გაიმეტა იმ უღმერთომ (არაერთმა) სულ ცოტა "რამ"... შესაძლოა ვერც ეშველა მისთვის, მაგრამ ასე გულნაკლულად, გულდაწყვეტით, წყენით არ გვემახსოვრებოდა მავანის გულგრილობა...
მილიონჯერ სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა სამარცხვინო სენიდან: საქართველოში უყვართ... გ ა რ დ ა ც ვ ლ ი ლ ი ნიჭიერება, განუმეორებელი ტალანტით დაჯილდოვებული, განსაკუთრებით გამორჩეული ადამიანები, ოღონდ, ვიმეორებ: გ ა რ დ ა ც ვ ლ ი ლ ე ბ ი!“ ცოცხლებს ჯეროვნად არ ვაფასებთ, არ ვუფრთხილდებით, წასულებზე კი ვვიშვიშებთ, გულზე ხელს ვიბრაგუნებთ, ვწუწუნებთ, ეს რა კაცი დავკარგეთო...
გოდერძი ჩოხელი ასეთი აღტაცების და ვიშვიშის ნათელი მაგალითია.
მას სუპერ შვილები, უკეთილშობილესი მეუღლე დარჩა ამ ქვეყნად. კეთილშობილების, ქართველობის, თ ა ვ მ დ ა ბ ლ ო ბ ი ს განსახიერებანი. ზოგიერთებივით აკლებული არ აქვთ გარემო, არ წუწუნებენ, არავის აწუხებენ - ცხოვრობენ გოდერძისეულად - ჩუმად, მშვიდად, ადამიანურად, პატიოსნად, სამშობლოს სიყვარულით, სიკეთის თესვით და გულის სითბოს გაღებით. ს ა ა მ ა ყ ო ნ ი!!!
ჩემ და თქვენ გოდერძი ჩოხელს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში.
P.S.: ცუკერამ ამომიგდო ქვემოთ თანდართული პუბლიკაცია და... იყოს, ამჯერად, აქაც, ... ოღონდ TAKO-ს არ წააკითხოს ვინმემ. რაიმე ახალ შიზოიდურ ბოდვას გამოაცხობს ეს ურცხვი და უტიფარი ტიპი.
"სიძე, შე ძველო!
********************
ამირან ბუთურიშვილს "ამოუქექია" არქივიდან ეს ფოტო.
მადლობა!
აუუუ, რა დროა გასული! ოთხ ათეულს მგონი ორი თუ სამი წელი აკლია...
ეს ის მომენტია, ტელევიზიის "მოამბის" მომავალი სიძე და მისი სავარაუდო მეჯვარე სარძლოსგან "საიდუმლოდ" რომ აზუსტებენ დაოჯახების ცერემონიალის და ქორწილის დეტალებს...
ღმერთმა ინება და მეორე ნახევრადაც ანგელოზი გოგონა აირჩია - ნინო მელაშვილი.
დიდებული ბიჭი გახლდათ ჩვენი გოდერძი. უერთგულესი, უნაღდესი მეგობარი და უმცროსი ძმა.
უნიჭიერესი ხომ იყო და იყო. მსგავსი თავმდაბალი, მშვიდი, გაწონასწორებული იშვიათად შემხვედრია ვინმე. უთბილესი, მადლიერი...
ბუნების ძალიან დიდი უსამართლობაა მისი ასე უდროოდ და ტკივილიანი წასვლა. არ იმსახურებდა!
მადლობა ყველას, ვისაც გულწრფელად უყვარდა და აფასებდა მას, ვინც აგრძელებს ასეთ ფაქიზ ურთიერთობას მის სახელთან და შემოქმედებასთან.
რაც დრო გადის, მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ხდება ეს მთის ბროლივით სუფთა და მრავალმხრივ უნიკალური ნიჭის გამოვლინება-ანგელოზის პიროვნება და ნაღვაწი.
ჯერ სად არის!