„გახსოვთ, ამასწინათ ვახსენებდი გორელ ბიჭს, რომელმაც 6-ჯერ გულის ოპერაცია გადაიტანა და კვლავ სიკვდილის პირასაა? 25 წლის ნიკოლოზ ციცაგს დაახლოებით ასი ათასი დოლარი სჭირდება საზღვარგარეთ გულის გადანერგვისათვის. პატარა გამოცდილება მაქვს ამ საკითხში, მოგეხსენებათ და ვიცი: ხელისუფლების დახმარების გარეშე, შესაგროვებლად არარეალური თანხაა. არა, თანხა კი არა, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენია..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია წერს და აცხადებს, რომ ნიკოლოზ ციცაგს დახმარებაზე ყველამ უარი განუცხადა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და მისი დავალებითა და მეთაურობით ჯანდაცვის სამინისტრო გერმანიაში პაციენტის საოპერაციოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ყველამ უარი უთხრა დახმარებაზე. ზრდილობიანად, რა თქმა უნდა... აი, რომ შევეძლოს, როგორ გვინდა დაგეხმაროთ, ა.შ. ბოლოს 10 000 ევროზე შეიტანა განაცხადი რეფერალურში, რათა დროებითი გულის იმპლანტი მაინც ჩაედგათ.
დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრს. მოვუყევი ამ საშინელების შესახებ... რამდენიმე ხანი დასჭირდა. და დღეს, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით და დავალებით ჯანდაცვა მოლაპარაკებას აწარმოებს გერმანიაში ნიკოლოზის სრულად საოპერაციოდ. მითხრა, ღირსების საკითხიაო.
ხომ იცით, როგორ ვერიდები ხელისუფალის შექებას... მეშინია ძალაუფლების... რომელიც ზოგჯერ ღვთისკაცსაც შეშლის! მითუმეტეს, ამ ქვეყანაში, სადაც ამდენი მაამებელი და „ვიგოდნიკია" გარშემო. სადაც ისტორიულად უსიამოვნო წერილის მომტანს თავს აჭრიდნენ (ამიტომ ვერიდები ძალაუფლების ქონას მეც)... მაგრამ დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ასეთი გულიანი და გულისხმიერი პრემიერ-მინისტრი ჰყავს!"- წერს ცოტნე გამსახურდია.