logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: სწორედ ამ დღეს, 1957 წლის 9 ოქტომბერს, ოჩამჩირეში, დაიბადა დიდი ფეხბურთელი - ვიტალი დარასელია...
- +

9 ოქტომბერი. 2020. 13:19

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს აუცილებლად უნდა ამოვიდეს მზე და თანაც, ცოტა ფეხბურთის ბურთს უნდა ჩამოჰგავდეს, კოპლებიანს და მხიარულს, რომელივ ყველას - გულის კარში სიყვარულის გოლს გაგვიტანს, რადგანაც, სწორედ ამ დღეს, 1957 წლის 9 ოქტომბერს, ოჩამჩირეში, კუხინი დარასელიასა და გუდაუთელი მერი ბჟანიას ოჯახში დაიბადა მართლა მზესავით თბილი, მოსიყვარულე და მომღიმარე კაცი და დიდი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ვიტალი დარასელია...

 

უნდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, ვიტალი სინამდვილეში დაიბადა 9 იანვარს, მაგრამ შემდგომ, სსრკ-ს ახაგაზრდულ ნაკრებში თამაშისას, ასაკობრივი შეზღუდვა რომ არ შეხებოდა, ოფიციალურად დაბადების თარიღად 9 ოქტომბერი ჩაუწერეს... ნელ-ნელა შეეჩვია და სწორედ ოქტომბერში იხდიდა დაბადების დღეებს...

-

ათასჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, - პროვინციალიზმი გეოგრაფიული მცნება არ არის... ვიტალის იმხელა შინაგანი კულტურა ჰქონდა... ისეთი ქართულად და ლამაზად მორიდებული კაცი იყო... მეფეებსაც რომ შეშურდებოდა…

 

მახსოვს, მესამე კურსზე ავარიაში მოვხვდი და ყველას სერიოზულად ეშინოდა, რადგანაც ცალ ფეხს ვითრევდი... ზურიკომ თბილისის „დინამოს“ ექიმს - საოცარ ზაქრო თელიას მიმაბარა...

 

ყოველდღე გალიჩკა და მე მანქანით მივყავდით ფიზკულტურის დისპანსერში, მასაჟებზე, ამპლიპულსებზე, ულტრაბგერაზე, ვარჯიშებშე... და „დინამოს“ ყველა წევრთან, მათ შორის მათთანაც, ვისაც ვიტალიზე გაცილებით კარგად ვიცნობდი ჯერ კიდევ ბათუმიდან, დიდი ბოდიშის მოხდით, უნდა ვთქვა - ვიტალი ერთადერთი კაცი იყო, ვინც არასდროს ურიგოდ არ მიდიოდა... (თუმცა ეკუთვნოდა, დისპანსერი - „დინამოსი“ იყო)...

 

დედაჩკას და მე რომ დაგვინახავდა, პირიქით, რიგს გვითმობდა ხოლმე.. არადა, როგორი იყო 40-წუთიანი მასაჟის რიგის დათმობა, ერთხელ გალიჩკამ მითხრა, რომ მივალთ, ჩუმად შეიხედე, ვიტალი თუ უკვე მოსულია, დერეფანში დავიცადოთ და რომ შევა ექიმთან, მერე დავჯდეთო მოსაცდელი... მომავალში სულ ასე ვაკეთებდით...

 

პირველად კი ვიტალი გავიცანი 1978 წელს, როდესაც ერთი გამოცდით, როგორც ოქროს მედალოსანი, ჩავირიცხე თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე... ჩვენი ფაკულტეტი მაღლივ კორპუსში მდებარეობდა და ხშირად ვხუმრობდით, შატალოზე სასაფლაოზე დავდივართ-თქო...

 

აბა რა გვექნა, სანამ ავტობუსით დელისიდან ცენტრამდე მივიდოდით და დავბრუნდებდით, სწორედ ლექციის ხელა დრო გადიოდა... იქვე, ცოტა მოშორებით იყო სპორტული მოედანი...

 

ყველაზე მთავარი პრობლემა პირველ კურსზე შემექმნა არა მკაცრ მათემატიკურ საგნებთან, არამედ ფიზკულტურის მასწავლებელთან (გვარს არ დავასახელებ) დაკავშირებით, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, ჩაგვეცვა სპორტული მოკლე ტრუსები და გავსულვიყავით ტრასაზე, რომელსაც ამ მოედნამდე მივყავდით...

 

მაშინ ცოტა სხვანაირი დრო იყო და მე, მაგალითად (რომელიც პლაჟზეც კი ზღვამდე პირსახოცშემოვლებული დავდიოდი, სანამ არ მივხვდებოდი, რომ ამით უფრო დიდ ყურადღებას ვიქცევდი), მიჭირდა ქუჩაში ტრუსებით გასვლა...

 

ახლა, ჩემი კურსელი მაია და მაკო ნუცუბიძეებივით სიფრიფანა რომ ვყოფილვიყავი, სავარაუდოდ, არ გამიჭირდებოდა, მაგრამ საკმაოდ „მოსული“ გოგო ვიყავი მაშინ და დაკომპლექსებული... მითუმეტეს, ზოგიერთი, ჩემზე უფრო დაკომპლექსებული მძღოლი, ჩვენი მსვლელობისას სტადიონამდე, აპიპინებდა. და უსტვენდა... მოკლედ, შევწყვიტე ფიზკულტურის გაკვეთილებზე სიარული...

 

მასწავლებელმა შემომითვალა, რომ მოვკვდეო, სულ 5-ები რომ ჰყავდესო, ჩათვლას ვერ ეღირსებაო... არადა, მართლა სულ 5-ები მყავდა, ზოგი გამოცდა წინასწარაც ჩავაბარე და ფიზკულტურაში ჩათვლის გრაფა ცარიელი რჩებოდა... პირველ კურსზე კი ეს გარიცხვას უდრიდა...

 

ვინ არ მივუგზავნე, არაო... მშვენიერმა ელენე გოკიელმა, რომელიც იმ დროს მთელი თსუ-ს ფიზკულტურის კათედრის გამგე იყო და ჯემალიკოზე გიჟდებოდა, დახმარებაზე უარი გვითხრა: „მაგას ვერ მოვერევიო... ჯინიანიაო“...

 

ჰოდა, ბოლოს თხოვნით მივმართე სახელოვან თბილისის „დინამოს“...

 

სათხოვნელად გამომყვა მხოლოდ 2 კაცი. მათ შორის ვიტალი დარასელია და ვოვა გუცაევი... ვოვა, უფრო ვიტალის ხათრით...

 

ფიზკულტურის მასწავლებელმა, რა თქმა უნდა, ჩათვლა დამიწერა... და შეყვარებულ თვალებს არ აცილებდა ჩვენს ფეხბურთელებს...

 

მაგრამ, როგორც მერე მითხრეს, გავედით თუ არა ოთახიდან, „მარკა აიწია“... გადახედა ამაყად კოლეგებს და ასე უთქვამს, „მაინც არ დავუწერდი ჩათვლას, „იმენნო“ გოლების გამტანები რომ არ მოეყვანაო“...

 

წარმოიდგინეთ, ფაქტიურად უცნობი ადამიანის გულისთვის რომ კაცი შეწუხდება და ამდენი მეგობრითა და თაყვანისმცემლით გარშემორტყმული, ვარჯიშებისგან გადაღლილი, დროს გამონახავს მისი ჩათვლისთვის, როგორი იქნება ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან...

 

გუშინ გადავიკითხე ვიტალის მეუღლის, საოცარი ქალბატონის, მარინა მამალაძის მოგონებები... ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ... სადღაც მე-7 კლასში მარინას უთხრეს - ვიტალის ძალიან მოსწონხარო და ფრთხილად იყავიო... თურმე სკოლაში ხულიგნის სახელი ჰქონია... სინამდვილეში, ერთმანეთი რომ გაიცნეს, ვიტალი აღმოჩნდა საოცრად კეთილი და კარგი ხასიათის ადამიანი... ისინი 3 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ასეთი გეგმა ჰქონიათ - თბილისში (სადაც მარინა მე-10 კლასში გადმოიყვანეს) სწავლის დამთავრების შემდეგ, მას უნდა ჩაებარებინა უმაღლესში და მერე უნდა ექორწინათ...

 

მაგრამ სად სიყვარული და სად გეგმები?

 

ვიატალი და მარინა გაიპარენ... თანაც, მარინა მატარებლიდას კუპედან, სადაც დატოვა თავისი პალტო, თუმცა, 13 ნოემბერი იყო და ძალიან ციოდა, მამა რომ არ მიხვედროდა და აიღო მხოლოდ პასპორტი... მამა რომ ყველაფერს მიხვდა, ხაშურში გააჩერენინა მატარებელი და სადგურის მილიციის უფროსთან მისულა... „ჩემი გოგო გაიპარაო, ასეთმა და ასეთმა კაცმა წაიყვანაო“... მილიციის უფროსს კი უთქვამს - „სამი ქალიშვილი მყავს სახლში და სამივე რომ წაიყვანოს, მაგას უარს როგორ ვეტყვიო?“

 

ქორწილი იანვარში გადაიხადეს...

 

მათ ერთად გაატარეს 7 ბედნიერი წელი... მარინა ჰყვება, რომ ვიტალი იყო აბსოლუტურად უპრეტენზიო, ძალიან კეთილი და ყურადღებიანი... შვილებიც კი დაიფიცა, რომ მას და ვიტალის საერთოდ არასდროს არ უჩხუბიათ... არც მაშინ, როდესაც უამრავი თაყვანისმცემელი მანდილოსანი ცდილობდა მათი ურთიერთობების გაფუჭებას... ხან ურეკავდნენ, ხან სასწარფოებს და სახანძროებს უძახებდენე სახლში... რას იზამ, ასეთი იყო ყურადღების მიქცევის საბჭოთა „ხერხები“...

 

ძალიან მიყვარს მარინას ერთი მოგონება...

 

„საღამოს ორი მეზობელი გოგო იყო შემოსული ჩვენთან და ისე, საუბარში მკითხეს, – ქმარი არ გეჩხუბება ხოლმეო. არა, რაზე უნდა მეჩხუბოს-მეთქი. ამ დროს ვიტალიც მოვიდა ვარჯიშიდან. ცივი წყალი მომიტანეო, – მითხრა. გავედი სამზარეულოში, მოვუშვი, რომ კარგად ჩაციებული მიმეტანა. ამ დროს ოთახიდან მესმის ვიტალის გინება, სად ხარ ამდენ ხანს, შენი... კინაღამ გავგიჟდი. მეწყინა, ლამის ცრემლებმა დამახრჩო. არასდროს შეუგინებია ჩემთვის და ამ დროს მეზობლების თანდასწრებით მაგინებს. სამზარეულოდან არ გამოვსულვარ, ადგილზე გავშეშდი. ცოტა ხანში სიცილი შემომესმა, – ვიხუმრეთ, ჩვენ ვუთხარით, ასე ეთქვა შენთვისო. მე კიდევ ვიჯექი სამზარეულოში და ვტიროდი“.

 

მარინა ჰყვება, რომ როცა გათხოვდა, საერთოდ არ იცოდა სადილების კეთება და მთელი 9 თვე, სანამ ქრისტინეზე ფეხმძიმე იყო, იმდენი სოსისი მოხარშა და მიირთვა ვიტალისთან ერთად, რომ დღემდე დასანახავადაც კი ეზიზღება... ცოტა ხანში კი, ისეთი მეოჯახე გახდა, რომ ვიტალის სადილად მთელი ბაზა მოჰყავდა და სანამ მარინა სუფრას შლიდა, ვიტალი უმღეროდა საგანგებოდ მისთვის ნასწავლ „ჩემო პატარა გოგონას“...

 

1982 წლის 13 სეკემბერს, ვიტალი საკუთარი 06 მარკის „ჟიგულით“ თბილისიდან ოჩამჩირეში ძმის დასახმარებლად გაემგზავრა. რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისასთან, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ძირულაში გადავარდა. ვიტალი სულ 25 წლის იყო...

 

ქართველებს საფეხბურთო კუმირის დაკრძალვა დიდუბის პანთეონში სურდათ, მაგრამ აფხაზების დაჟინებული მოთხოვნით, პირველ რიგში კი დედის სურვილით, ოჩამჩირეში მიაბარეს მიწას.

 

შარშან აფხაზეთში აღნიშნეს ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე... ოჩამჩირეში, სადაც ფეხბურთელი განისვენებს, ამ თარიღისთვის შეკეთდა მისი მემორიალი... სწორედ ამ დღეს, მცირე ხნით მოხდა ომის შედეგად გახლეჩილი დარასელიების ქართულ-აფხაზური დიდი ოჯახის სიმბოლური გაერთიანება... ვიტალის დედა, 86 წლის მერი ბჟანია-დარასელია დღემდე ოჩამჩირეში ცხოვრობს... ოჩამჩირეში ჩავიდნენ ვიატალის მეუღლე და შვილები...

 

მე ძალიან გამიხარდა, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხრიდან სწირედ ასეთი კარგი და ნათელი ადამიანების, ასეთი ოჯახების დახმარებით. ჩვენ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას... ჩვენ ერთმანეთში შესარიგებლად არავითარი შუამავალი არ გვჭირდება... გულის, სიყვარულის და მიმტევებლობის გარდა...

 

დაუფიქრდით - „კარლ ცაისთან“ თამაშის დროს, ერთი გოლი გაიტანა ოსმა, ვალერი გუცაევმა, მეორე აფხაზმა - ვიტალი დარასელიამ და საბოლოოდ გაიმარჯვა სრულიად საქართველომ!!!

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!!!

 

09.10.2018

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner