საქართველოს სწორი და პრინციპული პოზიცია მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან მიმართებაში ხელს უწყობს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას კავკასიაში, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი მიუთითებს, რომ იმ ფონზე, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა, დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო საკითხის პოლიტიზირებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„ჩვენმა მთავრობამ რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში შესთავაზა კონფლიქტის მხარეებს საკუთარი დახმარება და ტერიტორია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. საქართველოს პოზიცია მიმართულია ჩვენს ორ მეგობარ ხალხებს შორის არსებული დაპირისპირების მაქსიმალურად დეესკალაციისა და კონფლიქტის ორივე მხარისთვის მშვიდობის დამყარების მისაღები გზების გამოძებნისკენ. ეს მიდგომა მკაფიოდ და არაორაზროვნად ემყარება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ნომერ 822-ე, 853-ე, 874-ე და 884-ე რეზოლუციებს.
ამ ფონზე, ყოვლად დაუშვებელია ცალკეული პირების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, 3.500 ჰექტარი ქართული მიწის საეჭვო გარემოებაში სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის საქმეზე დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება და მითუმეტეს, საერთაშორისო ჭრილში გადატანის მცდელობა. იგივე მიდგომას სრულიად იზიარებს აზერბაიჯანის სახელმწიფოც. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმედ გაჯიევმა განაცხადა: „გამოძიების საკითხი უმეტესად საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს. საქმეს იძიებს საქართველოს სამართალდამცველი უწყება. შესაბამისად, არ მაქვს უფლება, ამაზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითხის განსახილველად. სწორედ ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით.“
კარგად უნდა გავიაზროთ, როდესაც რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებაში არაერთი მტრული ძალა ცდილობს ჩვენი ქვეყნის, თუნდაც რაიმე ფორმით, კონფლიქტის მხარედ გადაქცევას, მეტი დაფიქრება და პასუხისმგებლობა მართებს ყველა ჩვენთაგანს, პარტიული ნიშნის განურჩევლად. ეს მარტივი, მაგრამ აუცილებელი ჭეშმარიტება სამოქმედო გეგმად აქვთ საქართველოს მთავრობასაც და მეზობელი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელებსაც“, - წერს მეტრეველი.