„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა, რომელიც „რუსთავი 2"-ის დაკვეთით განხორციელდა.
„არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაცია GFK-ს, ბუნებრივია, მისი სანდოობის საკითხიც ეჭქვეშ დგას, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის", ანუ „ნაციონალური მოძრაობის" არაპირდაპირი დაკვეთით მაშინ ჩაატარა კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც გაყალბებული შედეგები დაგვიდეს. 20%-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", GFK-სთან ერთად, აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.