logo_geo
eng_logo
ევროპის ჩემპიონატი 1/4-ფინალების მოლოდინში
- +

28 ივნისი. 2016. 19:17

 

დასრულდა ევრო 2016-ის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მომდევნო ეტაპზე. აღნიშნულ ეტაპზე ტურნირს შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, ირლანდია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ესპანეთი და ინგლისი გამოეთიშნენ.

 

პოლონეთი Vs პურტუგალია

 

პოლონეთის ნაკრები 1/8-ფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდა. მოლოდინისამებრ, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 39-ე წუთზე კუბა ბლაშოკოვსკის გოლით პოლონელები წინ გავიდნენ, 82-ე წუთზე კი, ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით ჯერდან შაქირიმ წონასწორობა აღადგინა. დამატებითმა ტაიმებმა ორმხრივი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა და ფეხბურთელები 11-მეტრიან ნიშნულთან მივიდნენ, სადაც ჯაკას მიერ აცილებული პენალტი საბედისწერო აღმოჩნდა და პოლონეთმა 11-მეტრიანების სერიაში 5:4 იმარჯვა.

პოლონეთის მეტოქე 1/4-ფინალურ ეტაპზე პორტუგალია იქნება, რომელმაც ხორვატიის დამარცხება შეძლო. შეხვედრა საკმაოდ უინტერესო გამოდგა. გუნდებს სახიფათო მომენტები ფაქტობრივად არ შეუქმნიათ, 117-ე წუთზე კი, რონალდუს დარტყმა სუბასიჩმა მოიგერია, გამოვარდნილ ბურთთან კი პირველი რიკარდო კვარეჟმა მივიდა. ამ უკანასკნელს ცარიელი კარის აღება აღარ გასჭირვებია - 1:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ და ფერნანდო სანტოსის შეგირდებს წინ პოლონეთთან შერკინება ელით.

პოლონეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

უელსი Vs ბელგია

 

1/4-ფინალურ ეტაპზე უელსის ნაკრებს საკმაოდ სუსტი მეტოქე - ჩრდილოეთ ირლანდია შეხვდა. ბრიტანელთა შერკინებამ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და ყველაფერი 75-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც გარეტ მაკაულიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:0 უელსელთა სასარგებლოდ დააფიქსირა.

უელსის ნაკრებს შემდეგ ეტაპზე საკმაოდ რთულად გადასალახი ბარიერი დახვდა ბელგიის სახით, რომელმაც ტურნირის პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, სრული რეინკარნაცია განიცადა და გამარჯვებების სერიას აგრძელებს. 1/8-ფინალურ ეტაპზე „წითელმა ეშმაკებმა“ უნგრეთი 4:0 გაანადგურეს და ტიტულის მოპოვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. მეტოქეთა კარი აღნიშნულ შეხვედრაში ალდერვეირელდმა, ბატშუაიმ, აზარმა და ფერეირა-კარასკომ აიღეს.

უელსისა და ბელგიის დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

გერმანია Vs იტალია

 

გერმანელები ტურნირის ერთ-ერთ უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ და სრულიად სამართლიანადაც. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა 1/8-ფინალში სლოვაკეთი დადეს ბეჭებზე (3:0) და 1/4-ფინალისთვის ემზადებიან. სლოვაკთა კარში გოლები ჯერომ გოატენგმა, მარიო გიოტზემ და ჯულიან დრაქსლერმა გაიტანეს.

გერმანელებს საკმაოდ რთული მატჩი ელით, რადგან ამჯერად დაპირისპირება იტალიასთან მოუწევთ, რომელმაც არცთუ თვალწარმტაცი შემადგენლობის მიუხედავად, გუნდური და ღირსეული თამაში აჩვენა. კონტეს შეგირდებმა ჯგუფის მოგების შემდეგ, ესპანეთი ჯორჯო კიელინისა და გრაციანო პელეს გოლების წყალობით გამოთიშეს ასპარეზობას (2:0).

გერმანიისა და იტალიის დაპირისპირება 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

საფრანგეთი Vs ისლანდია

 

ტურნირის მასპინძელი ფრანგები საფუძვლიანად ითვლებიან ფავორიტებად. ჯგუფში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ისინი 1/8-ფინალურ ეტაპზე ირლანდიას დაუპირისპირდნენ და მე-2 წუთზე, პენალტით გაშვებული გოლის გაქვითვა 58-ე წუთზე გრიზმანის ბრწყინვალე გოლით შეძლეს. 61-ე წუთზე კი, იმავე ანტონიო გრიზმანმა დუბლი გაიფორმა და „მამლები“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ფრანგები 1/4-ფინალში მეტოქედ ინგლისელებს მოიაზრებდნენ, თუმცა ისლანდიის ნაკრებმა მორიგი სასწაული შემოგვთავაზა და მე-4 წუთზე, უეინ რუნის მიერ პენალტით გატანილი გოლი მე-6 წუთზე რაგნარ სიგურდსონის გოლით გაქვითა, მე-19 წუთზე კი კოლბეინ სიგთურსონმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:1 ისლანდიელთა სასარგებლოდ დააფიქსირა.

 

საფრანგეთისა და ისლანდიის დაპირისპირება 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner