„ორი ბლალდებულის ქმედების შედეგად მივიღეთ ის, რომ კომისიამ იმგვარად შეათანხმა დავით გარეჯის და მიმდებარე ტერიტორიის საზღვრის საკითხი, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, წარდგენილი ბრალი გულისხმობს მიზანმიმართულ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას.
„დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო და არის საქართველოს ტერიტორია. 1938 წელს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მიღწეული იყო შეთანხმება საზღვართან დაკავშირებით, შემდგომში არაერთხელ შეიცვალა საზღვარი.
1996 წელს, ორივე მხარემ გადაწყვიტა, აღდგენილიყო 1938 წლის მდგომარეობა საზღვართან დაკავშირებით. ამის მიხედვით, როგორც აღვნიშნე, დავით გარეჯი ისტორიულად და ფაქტობრივადაც წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას. დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის მიზანი იყო, მოეძიებინა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაედასტურებინა, რომ 1938 წლის შეთანხმების შესაბამისად დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას. საბოლოოდ, ორი ბლალდებულის ქმედების შედეგად მივიღეთ ის, რომ კომისიამ იმგვარად შეათანხმა დავით გარეჯის და მიმდებარე ტერიტორიის საკითხი, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.