„ბოლო შეთანხმება 2006 წელს განხორციელდა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ჩიჩხიტურის კოშკის ნაწილი წარმოადგენდა აზერბაიჯანული მხარის ნაწილს“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ის რუკა რომელიც კომისიამ გამოიყენა, (1938 წლის რუკაზე დართული იყო ამონახაზი 1/500 000-იანი მასშტაბის რუკიდან), საუბარია ძირითად დოკუმენტზე, რომელიც ბრალდებულთა მიერაა გამოყენებული საზღვრის უშუალოდ დადგენის დროს ხარვეზიანია.
„გეტყვით რა არის ამ რუკის პრობლემა, რომელზეც დასკვნა მომზადდა საექსპერტო წრეების მიერ, კერძოდ, ამ რუკაზე არაა დატანილი არცერთი გეოგრაფიული აღნიშვნა, არცერთი მდინარე, დაბლობი და ადმინისტრაციული ერთეული. ასევე არაა სწორად დატანილი საკოორდინატო ბადე. არ არსებობს არცერთი ათვლის წერტილი, რომლითაც ამ ამონახაზის გამოყენება შეიძლება რეალური საზღვრის გავლებაში. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკა გამოუსადეგარია საზღვრის ფაქტობრივი განსაზღვრის ნაწილში. აქვე აღსანიშნავია, რომ 1938 წლის რუკის არსებობის მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი იცვლება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასევე შემდგომ 1970-იან, 80-იან წლებში გამოშვებული რუკები არ ასახავს 1938 წლის მდგომარეობას და ის საქართველოს ტერიტორიისა და ინტერესებისთვის საზიანოა“, - აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, ჩატარებული საექსპერტო კვლევით ასევე დადგინდა, რომ 2006 წელს, როცა მოხდა უშუალოდ შეთანხმება დავით გარეჯის და უშუალო ტერიტორიის გამიჯვნაზე, კომისიის მუშაობის დონეზე ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის ბრალდებულებმა საქართველოს წარდგენისას და ფაქტობრივი ხაზის გავლებისას გამოიყენეს 1970-იან 80-იან წლებში გამოყენებული რუკები, რომელიც აპრიორი იყო არასწორი და ასახავდა საქართველოს საწინააღმდეგო პოზიციას.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.