სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დარიალის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
"მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთავარი ამოცანა თერგის ძველ კალაპოტში დაბრუნებაა, რაც ხვალისთვის მოხერხდება. ამის შემდეგ, დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები". - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ადგილზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დარიალის ხეობაში მიმდინარე პროცესებს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.