შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით, 236-ე მუხლის III და IV ნაწილებით მიმდინარეობს.