logo_geo
eng_logo
თამარ ბაგრატია: სექტემბრიდან ჰაერის მონიტორინგის იდეალური სისტემა გვექნება!
- +

28 ივნისი. 2016. 22:56



„ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა მეთოდოლოგიით მოხდა ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ  ბაგრატიამ გადაცემა 2030-ში.


"მეთოდოლოგია, რითაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა მოხდა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს. ჩვენი პრობლემა ჰაერში მტვერის შემცველობაა. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში  დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გადაჭარბება გვხვდება. ბოლო დროს, ქუთაისში ჰაერში მტვერის შემცველობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამას შემოვლითი გზის ფუნქციონირებას ვუკავშირებთ, რამაც ქალაქში სატრანსპორტო ნაკადები საგრძნობლად შეამცირა", - განაცხადა ბაგრატიამ.


მისი თქმით, მტვერთან გადაჭარბება გვაქვს, მაგრამ საგანგაშო ესეც არ არის.


"მტვერთან გადაჭარბება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის იმდენად კრიტიკული, რომ იმ ქვეყნებს ვუსწრებდეთ, რომლებიც რეიტინგში ჩვენს ქვემოთ არიან. სხვა დამაბინძურებლებს რაც შეეხება, სხვადასხვა ტიპის გადაჭარბება ფიქსირდება, მაგრამ მათი შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 1,2-ჯერ და 1,4-ჯერ მეტიათბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს თანამედროვე ავტომატური სადგური, რომელმაც 2015 წელს  მცირედით ოზონის გარდა, არც ერთ კომპონენტზე გადაჭარბება არ დააფიქსირა", - განაცხადა თამარ  ბაგრატიამ.


როგორც მან აღნიშნა, ჰაერის მონიტორინგის სისტემაში  სრულიად ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და ინფორმაცია 200-ზე მეტი წერტილიდან მიიღება.


"საქართველოში, 2012 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მხოლოდ 5 სტაციონალური დაკვირვების ცენტრი ჰქონდა. 2015-16 წლებში კი, ჰაერის მონიტორინგის სისტემაში  სრულიად ახალი მეთოდოლოგია შევიტანეთ და ინფორმაციას 200-ზე მეტი წერტილიდან ვიღებთ. სექტემბრიდან თბილისში 3 იაპონური სადგური ამუშავდება და ჰაერის მონიტორინგის იდეალური სისტემა გვექნება. სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლებს ონლაინ რეჟიმში, ავტომატური სადგურებით 24 საათის განმავლობაში ვაკვირდებით", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა.


მისი თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი და საწვავის ხარისხია.


"ბოლო დროს, საწვავზე კონტროლის გამკაცრების გამო, ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. ჰაერში დაბინძურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია ქმედებათა ერთობლიობა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა - სუფთა ჰაერი და ჯანსაღი მომავალი, თუ - ძველი ავტოპარკი და საფრთხე მომავალი თაობებისთვის?! ბუნებრივია, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტექნიკური დათვალიერება აღდგეს და ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ", - განაცხადა თამარ  ბაგრატიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner