ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილ ოჯახს, რომელიც კომუნალური დავალიანებების დასაფარად ყოველთვიურად 15 ლარს არ გადაიხდის, ელექტროენერგიას და გაზს, ბუნებრივია, ჩაუჭრიან.
სუბარის განცხადებით, წეროვანში, ისევე როგორც ყველა კოტეჯურ დასახლებაში, რომელიც არის თბილისიდან ლიხის ქედამდე, დავალიანების ჩამოწერა 2-ჯერ მოხდა.
„ეს დავალიანებები გროვდება და გროვდება. გავაფრთხილეთ, რომ ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. შარშან მაქსიმუმი გავაკეთეთ. მთელი ეს დავალიანება, რომელიც ზოგიერთი ოჯახისთვის 50 ლარი, ზოგიერთისთვის კი 2000 ლარი იყო, გავანაწილეთ ისე, რომ თვეში 15 ლარზე მეტის გადახდა არ უწევთ. ოჯახს, რომელსაც დავალიანებებიდან 15 ლარს არ გადაიხდის, მას, ბუნებრივია, ჩაუჭრიან.
დავალიანებები ხშირ შემთხვევაში ბევრ ისეთ ოჯახს აქვს, რომლებიც არც სოციალურად დაუცველები არიან, არც გაჭირვებულები და ზოგ შემთხვევაში არც დევნილები არიან.
ახლა ამაზე ვმუშაობთ. სოციალურად დაუცველები ვინც არიან, იმათ შეიძლება კიდეც გავუგოთ, მაგრამ ზოგადად, რომ გაზის ფული არ გადაიხადოს ოჯახმა, ასეთი რამ არ ხდება და არ არის სწორი. 2-ჯერ მოხდა გადახდა და იმ იმედით, რომ მუდმივად მოხდებოდა გადახდები, იწყება და იწყება დაგროვება. ეტყობა, წელს არჩევნების წინა წელია და პოლიტიკური პარტიები აქეზებენ, რომ თუ არ გადაიხდით და მოაწყობთ მიტინგებს, ჩამოგეწერებათო. ვეღარ ჩამოეწერება მეტს იმიტომ, რომ რა უნდა ქნას მაშინ სხვა ადამიანებმა, რით შეიძლება იყოს პრივილეგირებული ადამიანი, რომელსაც გავუკეთეთ მაქსიმუმი. 15 ლარის გადახდა უწევთ თვეში მათ მიერ დაგროვილი დავალიანების და ეს უნდა გადაიხადონ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
წეროვნის დასახლებაში დევნილი მოსახლეობის ნაწილს დაგროვილი კომუნალური გადასახადების გამო გაზი და ელექტროენერგია აქვს ჩაჭრილი.