ნორვეგიაში წარმართული ღმერთების, თორისა და ოდინის 1200 წლის წინანდელი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს — ვიკინგების რელიგიის უიშვიათესი რელიკვია, რომელიც იქ ქრისტიანობის დომინანტ რელიგიად გადაქცევამდე რამდენიმე საუკუნით ადრეა აგებული.
ხის ნაგებობა სიგრძეში 14 მეტრია, სიგანეში რვა; არქეოლოგთა განცხადებით, მიეკუთვნება მერვე საუკუნის მიწურულს და გამოიყენებოდა ღვთისმსახურებისა და ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვისთვის ზამთრისა და ზაფხულის ბუნიაობების დროს.
ვიკინგების კულტურა საკმაოდ სახელგანთქმული იყო და ბევრს შიშის ზარსაც სცემდა, მას შემდეგ, რაც ვიკინგების სახელით ცნობილმა მეზღვაურთა ჯგუფებმა ვაჭრობა, თავდასხმები და კოლონიზაცია დაიწყეს ევროპაში, ისლანდიაში, გრენლანდიასა და კანადაში.
ბერგენის საუნივერსიტეტო მუზეუმის არქეოლოგის, სორენ დიინჰოფის განცხადებით, ეს გახლავთ ნორვეგიაში აღმოჩენილი პირველი ძველი ნორვეგიული ტაძარი.
„პირველად ვიპოვეთ ასე ძალიან განსაკუთრებული, ძალიან ლამაზი შენობა. ისინი აღმოჩენილია შვედეთში, დანიაში და ამჯერად უკვე ვიცით, რომ ასეთი ტაძრები ნორვეგიაშიც ყოფილა“, — უთხრა დიინჰოფმა გამოცემა Live Science-ს.
ნორვეგიელებმა ასეთი დიდი, „ღმერთის სახლების“ (როგორც ისინი უწოდებდნენ) მშენებლობა მეექვსე საუკუნეში დაიწყეს. ეს ნაგებობები გაცილებით კომპლექსური იყო, ვიდრე უბრალო ძეგლები, ხშირად ღია მინდვრებში იდგა და ხალხი იქ ძველ ნორვეგიულ ღმერთებს ადიდებდა.
უძველესი ნაგებობის საძირკველი არქეოლოგებმა გასულ თვეში დასავლეთ ნორვეგიის პატარა ზღვისპირა სოფელ ოსეში აღმოაჩინეს, ქალაქ ერსტას სიახლოვეს.
გათხრებისას გამოვლინდა 2000-2500 წლის წინანდელი სასოფლო-სამეურნეო დასახლებების კვალი, მათ შორის იყო ე. წ. გრძელი სახლის ორი ნაშთი, რომლებიც ოჯახისა და მათი პატარა მეურნეობის ცენტრი უნდა ყოფილიყო.
თუმცა, გაცილებით გვიანდელია ოსეში აღმოჩენილი ტაძრის ნაშთები; ეკუთვნის პერიოდს, როდესაც ამ ზონაში გაბატონდა მდიდარ ოჯახთა ელიტური ჯგუფები. ასეთი სხვაობები სკანდინავიურ საზოგადოებებში მას შემდეგ აღმოცენდა, რაც მათ რომის იმპერიისა და ჩრდილოეთ ევროპის გერმანიკულ ტომებთან კონტაქტი დაიწყეს.
„რომაულ რკინის ხანაში, როდესაც სოციალურად დიფერენცირებული საზოგადოება გაჩნდა, წამყვანმა ოჯახებმა კულტზე კონტროლი აიღეს“, — ამბობს დიინჰოფი.
მისივე თქმით, ნორვეგიული რელიგიური თაყვანისცემა უფრო იდეოლოგიური და ორგანიზებული გახდა და ოსეს ტაძრები საკმაოდ ჰგავდა ქრისტიანულ ბაზილიკებს, რომლებსაც მოგზაურები სამხრეთის მიწებზე ხედავდნენ.
შედეგად, ძველი ნორვეგიული ტაძრები გამოირჩეოდა ორფერდა სახურავზე დაშენებული გამორჩეული, მაღალი კოშკით, რაც ადრეული ქრისტიანული ტაძრებიდან იყო აღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ხის ნაგებობები დიდი ხნის გამქრალია, საძირკველი გვიჩვენებს მის ფორმას, მათ შორის არის მრგვალი ცენტრალური ძელიც, ძალიან განსხვავებული კონსტრუქცია, რომელსაც მხოლოდ ღვთის სახლებში იყენებდნენ. როგორც დიინჰოფი აღნიშნავს, შენობა ძალიან შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო.
ამ ძეგლის დანიშნულებას ასევე მიუთითებს საკვების მოსამზადებელი ორმოები, სადაც ამზადებდნენ კერძებს რელიგიური ტრაპეზებისთვს; და ბევრი ძვალი — ცხოველთა მსხვერპლშეწირვის ნარჩენები.
რამდენიმე წლის წინ ახლომახლოს ასევე აღმოაჩინეს„ფალოსის“ მოზრდილი თეთრი ქვა, რომელიც სავარაუდოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს განასახირებდა და სავარაუდოდ, ძველი ნორვეგიელები ნაყოფიერების რიტუალებში იყენებდნენ.
ტაძრებში ცერემონიებს რელიგიური კალენდრის მნიშვნელოვანი ფესტივალებისას მართავდნენ, მაგალითად, ზაფხულისა და ზამთრის ბუნიაობების დროს — წლის ყველაზე მოკლე და გრძელი ღამეებისას.
ზოგჯერ, ტაძარში მდგარი ღმერთების ხის სტატუეტებს უძღვნიდნენ ძვირფას ლითონებს, მათ შორის ოქროს; მათ შორის უნდა ყოფილიყო ომის ღმერთის, ოდინის, ქარიშხლის ღმერთ თორის, ნაყოფიერების ღმერთ ფრეირის ქანდაკებები.
დიინჰოფის თქმით, ღმერთებისადმი შეწირულ საკვებსა და სასმელს რიტუალების მონაწილეები მოიხმარდნენ.
ძველ ნორვეგიელთა რელიგია მე-11 საუკუნიდან ჩაიხშო, როდესაც ნორვეგიის მეფეებმა ძალადობით გაავრცელეს ქრისტიანობა, ძველი ტაძრები დაანგრიეს ან დაწვეს და ხალხს ახალ ქრისტიანულ ტაძრებში ლოცვას აიძულებდნენ.
დიინჰოფის განცხადებით, ოსეს ტაძარს ასეთი ძალადობის კვალი არ ეტყობა, მაგრამ დამატებითი კვლევებით უნდა გაირკვეს, დაანგრიეს თუ არა ის ასეთი „წმენდის“ დროს.