logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: გვსურს, მშვიდობიანად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად ჰქონდეს არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა
- +

12 ოქტომბერი. 2020. 18:45

 

 

„თუკი რომელიმე პარტიის ინტერესებშია, რომ არჩევნები მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით, ეს არის სწორედ ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ინტერესებში“, -განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვა, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომელიც ადამიანს მისცემს თავისი არჩევანის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობას.

 

„სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ჩვენ არაერთ ნაბიჯს. რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა ჩვენს მომხრეს, ყველა აქტივისტს, რომ არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომელიც უკვე დაიგეგმა. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ასეთ პროვოკაციას ჩვენი მომხრეები აყვნენ. თერთმეტივე ფაქტი, რომელიც დაფიქსირებულია ძალადობასთან მიმართებაში, აშკარად ჩანს ანგარიშებში, რომ ყველა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია. რიგ ინციდენტებში მრავალი ადამიანი იყო ჩართული. ამ ფაქტებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ძალიან მცირე დრო არის გასული და სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ თუკი ვინმეს ბრალეულობა არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარის წარმომადგენელია, ის უნდა დაისაჯოს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

 

ყურადღებით შევხედოთ, სად მოხდა ეს ინციდენტი - მმართველი პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ძალიან უხეში ფორმით ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოხატეს. ჩვენმა რამდენიმე მხარდამჭერმა თავი ვერ შეიკავა, პროვოკაციას აჰყვა. სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყველა კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო „ლელოს“ აქტივისტის თუ წევრის (ეს დასადგენია) მხრიდან რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის წვერზე სავალან მირზოევზე განხორციელებული ისეთი მუქარა, რომელიც პირდაპირ მისი სიცოცხლის ხელყოფასთან იყო დაკავშირებული და, სამწუხაროდ, აქ ვხვდებით გარკვეულწილად ორმაგ სტანდარტებს. ჩვენი მხარდამჭერის ან ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან ამის მეათასედი ნაწილით რომ გაჟღერებულიყო მუქარა, ალბათ, მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმებოდა, ერთიანად შემოგვიტევდა, რომ აი, ნახეთ, ეს რა ხდება და როგორ გვიტევს მმართველი ძალა. არათუ ამ საკითხის იგნორირებას აქვს ადგილი გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, არამედ რიგ შემთხვევებში გავხდით მოწმე იმ ფაქტისა, რომ გარკვეული გამართლებაც კი იყო ამ მუქარასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებით ასეთ ფაქტებს, რადგან ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ემიჯნება ძალადობას და გვსურს, მშვიდობიანად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად ჰქონდეს არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner