logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება თვითგამოჩენის ნაწილი უფრო იყო...
- +

28 ივნისი. 2016. 23:59


ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, კობა კობალაძემ გადაცემა 2030-ში სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ ისაუბრა და  განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო არის საჯარო სივრცე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზეა პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, მინისტრის გადაწყვეტილების ის ფორმა, რომელიც შესაძლოა, რომელიმე კოოპერატივში წარმატებით განხორციელდეს, არანაირად არ არის გამართლებული.


"მხოლოდ მორალურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პოზიციას ვისმენთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო, როცა სახელმწიფოს მეთაური ქვეყნისთვის სასიკეთო ვიზიტითაა წასული და გადაწყვეტილებას სიურპრიზად იგებს, როცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აღშფოთებას ვერ მალავს, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება თვითგამოჩენის და სიჯიუტის ნაწილი უფროა, ვიდრე - სახელმწიფოებრივი ინტერესების მიმართულებით გათვლილი ქმედება", - განაცხადა კობალაძემ.


მისი თქმით, შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა, ახალ სისტემაზე გადადის, მაგრამ ამავე დროს, საერთო სავალდებულო და სამობილიზაციო სისტემა აწყობილი უნდა იყოს.


"ჩვენ მილიტარისტული იდეით შეპყრობილი არ ვართ და არც არავის დაპყრობას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. როდესაც უარს ვამბობთ ერთზე, მაგრამ მისი სანაცვლო არ გვაქვს, ღია სივრცეს ვტოვებთ. პროფესიონალ ჯარისკაცებს ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის სამშვიდობო ოპერაციებში ვიყენებთ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ რეალურად, ნელ-ნელა ახალ სისტემაზე გადავეწყოთ, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში საერთო სავალდებულო და სამობილიზაციო სისტემა აწყობილი უნდა იყოს", - განაცხადა კობა კობალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner