„ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება," - ამის შეასხებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ბიუჯეტის ფრაქციების ფორმატში განხილვისას განაცხადა.
ამის შესახებ კაკაურიძემ სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა. კაპანაძე ამბობს, რომ "ტყულია მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა."
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანა 7%-იან ეკონომიკურ ზრდაზეც კი გავიდეს.
საქმე ისაა, რომ ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში და კაკაურიძე დარწმუნებულია, რომ ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში.
„თუმცა, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ, რა პროგნოზი გამოქვეყნდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. კანონმდებლებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტის განიხილვა 7 ოქტომბერს დაიწყეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს 20 ოქტომბერს დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.
ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.
მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს. მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.