„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტერმინი სახელმწიფო ღალატი, თითქმის ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსშია. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„1999 წლიდან ეს მუხლი და ასეთი ტერმინი არსებობდა და 2007 წელს ეს ტერმინი გაუქმდა. 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსში იყო დიდი რეფორმა, მაშინ ბევრი მუხლი შეიცვალა, მაგრამ 307-ე მუხლს არ შეხებიან და 2007 წელს გააუქმეს. ამ მუხლის გაუქმებით გარკვეულწილად შერბილდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ტერმინოლოგიური შეფასება, როგორც სახელმწიფო ღალატი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 27 აპრილს მიიღო. 307-ე მუხლი, რომელიც კოსტიტუციიდან ამოიღეს, გულისხმობდა სახელწიფო ღალატს. ახლა კი, ეს მუხლი არ არსებობს. დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებს ბრალი 308-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
2007 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩამდენი თავისუფლდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადებდა ხელისუფლების ორგანოს და თავიდან აიცილებდა საქართველოს ინტერესებისათვის მოსალოდნელ ზიანს.