ამ წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულსა და ბოლნისში, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის ატეხილი დაკა-დაკა პარტიულ დაპირისპირებაზე გაცილებით შორს მიდის და არამხოლოდ არჩევნების ლეგიტიმურობას უქმნის საფრთხეს, არამედ პირდაპირ ემუქრება მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში.
ბოლნისში „ნაცებმა“ გალახეს „ქოცები“ და ეს ინციდენტი ნაცების პროვოცირებული იყო.
მარნეულში „ქოცებმა“ გალახეს „ნაცები“ და ამ ინციდენტის პროვოცირებაც „ნაცებმა“ მოახდინეს.
„ნაცები“ პოლიტიკურად მოგებული დარჩნენ ბოლნისშიც, სადაც მათ „ქოცები“ გალახეს და მარნეულშიც, სადაც ისინი „ქოცებმა“ გალახეს.
საქმე ის არის, რომ ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის პროვოცირებით „ნაციონალური მოძრაობა“, წაუგებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.
ნახეთ, რა ხდება: თუ „ქოცები“ „ნაცების“ პროვოკაციას არ წამოეგებიან და მოძალადე მიხუინებს თავს გაალახვინებენ, მოსახლეობაში შეიქმნება განცდა, რომ ხელისუფლება დაუძლურებულია და არათუ ქვეყნის მართვის, არამედ საკუთარი თავის დაცვის უნარიც აღარ შესწევს. ეს კი არჩევნებში „ოცნების“ გარდაუვალ მარცხს ნიშნავს, რადგან სუსტ, ჩამოშლილ და ოპოზიციის მიერ ნაცემ ხელისუფლებას ამომრჩეველი ხმას არ მისცემს.
გაიხსენეთ, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის წინ, შს სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირზე რა დირექტივა მისცა ვანო მერაბიშვილმა საკუთარ ჩაფრებს – რაც შეიძლება ბევრ მომიტინგეს გაუსწორდით, რათა თავიანთ უბნებში, ქალაქებსა და სოფლებში დაბრუნების შემდეგ ყველამ ნახოს, როგორი გალახულები არიან, საქართველოში ნაცემი კაცი „ჩმორად“ ითვლება და ოპოზიციაც ავტორიტეტს დაკარგავსო!
„ნაცების“ სტრატეგია დღესაც სწორედ ეს არის და „ქოცების“ „დაჩმორებას“ ამიტომაც ცდილობენ.
იმ შემთხვევაში, თუ „ქოცები“ პროვოკაციას წამოეგებიან, „ნაცების“ ძალადობას ძალადობითვე უპასუხებენ და მიშარასტებს იქით გალახავენ, ოპოზიცია უმალ აყვირდება – ნახეთ, მოძალადე ხელისუფლება რას გვიშვრება და როგორ აპირებს არჩევნების ჩატარებასო!
პარალელურად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეშფოთდებიან – ასეთი ძალადობა წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს და დემოკრატიას საფრთხეს უქმნისო!
საერთაშორისო დამკვირვებლები თავიანთ დასკვნებში ჩაწერენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო ვერ უზრუნველყო, რის გამოც არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!
საერთაშორისო დამკვირვებელთა კრიტიკული დასკვნების საფუძველზე, ავტორიტეტიანი უცხოური ორგანიზაციები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ და ეს „ნაცებისთვის“ პირდაპირი საბაბი იქნება, რომ რევოლუცია მოაწყონ!
აი, ამიტომაც არის „ნაცებისთვის“ წაუგებელი თამაში ის, რაც ბოლნისსა და მარნეულში გააკეთეს და, ძალიან დიდი ალბათობით, არჩევნებამდე კიდევ არაერთხელ იზამენ.
თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, „ნაცების“ ეს თამაში არამარტო არჩევნებისთვის არის სახიფათო, არამედ ეთნიკური კონფლიქტისა და საქართველოს კიდევ უფრო დაქუცმაცების საშიშროებას ქმნის.
დიახ, როცა ჩვენს ყურისძირში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტია გაჩაღებული და ყარაბაღში, ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ეთნიკური აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ ქვემო ქართლში ნებისმიერი სახის პროვოკაცია ათმაგად ფეთქებადსაშიში ხდება.
თავისუფლად შეიძლება საარჩევნო მოტივებით დაწყებული პარტიული მუშტი-კრივი ეროვნულ-სახელმწიფოებრივ უბედურებაში გადაიზარდოს და მაგალითად, მარნეულში, სადაც მოსახლეობის 84 პროცენტი აზერბაიჯანელია, 3,7 პროცენტი კი სომეხი, ადგილობრივი „ყარაბაღი“ მივიღოთ.
სამწუხაროდ, საქართველო მეზობლების კეთილგანწყობით სულაც არ არის განებივრებული და, როგორც მინიმუმ 3-4 უცხო ქვეყნის სპეცსამსახური მაინც ცდილობს, „შიდა ნაღმები“ აგვიფეთქოს. აღარაფერს ვამბობთ ქართული სახელმწიფოს შინაურ მტრებსა და „მეხუთე კოლონაზე“, რომლებიც მზად არიან, ქვეყანა თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებსა და ძალაუფლებისადმი მანიაკალურ ლტოლვას გადააყოლონ.
განა ვინმე ჭკუათმყოფელს ეეჭვება, რომ სააკაშვილი და ნაცები, რომლებსაც არჩევნების მოგებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების მისხალი შანსიც არ გააჩნიათ, ქვემო ქართლში ეთნიკური კონფლიქტის გაჩაღებასა და „მარნეულის ყარაბაღზე“ თვალის დაუხამხამებლად წავლენ?
– განა რომელიმე საღად მოაზროვნე არანაცი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ „მარნეულის ყარაბაღი“ სააკაშვილის ინტერესებში შედის?
დიახ, სააკაშვილი, რომელიც 2008 წელს მორყეული ხელისუფლების შესანარჩუნებლად უდიდეს ავანტიურაზე წავიდა და ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაითრია, საოცნებო ძალაუფლების დასაბრუნებლად არც იმაზე დაიხევს უკან, რომ საქართველოში ეთნიკურ დაპირისპირებასა და „მარნეულის ყარაბაღს“ შეუწყოს ხელი.
საქართველოს არევ-დარევა, ეთნიკურ კონფლიქტში გახვევა და სამოქალაქო ომამდე მიყვანა სააკაშვილისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა, დაბრუნდეს და პოლიტიკური პროცესის სათავეში მოექცეს, დალაგებულ, სტაბილურ და მშვიდობიან საქართველოში კი მისთვის ეს პერსპექტივა მკვდარია.
ამიტომაც აძლევს ხელს სააკაშვილს „მარნეულის ყარაბაღი“ და ამიტომაც აწყობენ პროვოკაციებს ნაცები ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ ქვემო ქართლის მხარეში.
„ნაცებს“ რომ ვამბობთ, ბუნებრივია, იქვე მათ გამონაყოფ „ევრონაცებსაც“ ვგულისხმობთ,
რომლებსაც მარნეულში ცნობილი პროვოკატორი აჰმედ იმამ ყულიევი წინამძღოლობს.
საერთოდ, იმამი „წინ მდგომს“ ნიშნავს და მაჰმადიანურ სამყაროში იმ კაცის თიკუნია, რომელსაც საერო და სასულიერო ხელისუფლება უპყრია, ხოლო მარნეულში ბოკერიას პარტიის პოლიტიკურ იმამს ხელთ უპყრია ქართული სახელმწიფოსთვის ზურგში ჩასაცემი მახვილი, რომელსაც დროდადრო გამეტებით იქნევს.
„მარნეულის ყარაბაღი“ თუ მივიღეთ, მერე უკვე გვიანი იქნება თითზე კბენანი!
„მარნეულის ყარაბღს“ თუ მიაღწიეს, მერე უკვე აქეთ მოუცვლიან ამ ხელისუფლებას იმამი ყულიევი და მისი პოლიტიკური პატრონები!
ჯაბა ხუბუა