დავით გარეჯზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტზე დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პროკურატურამ გამოკითხა. ფაქტს მთავრი პროკურატურა და ზურაბ ნოღაიდელიც ადასტურებს.
სოციალურ ქსელში გასაჯაროებული დოკუმენტით გახდა ცნობილი, რომ ყოფილი პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება.
ზურაბ ნოღაიდელი ამ დოკუმენტს ხელს საქართველოს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.
თუ რა კითხვებზე უპასუხა გამოძიებას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამ თემაზე ზურაბ ნოღაიდელმა „ქრონიკას“ სატელეფონო ინტერვიუზე უარი უთხრა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.