„2020 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტი შემცირდა მხოლოდ 12.1 პროცენტით, იმპორტი კი - 15.9 პროცენტით. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასაც, რომლის უარყოფითი სალდო აღნიშნულ პერიოდში 752.6 მლნ აშშ. დოლარით შემცირდა. სავაჭრო დეფიციტმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. პირველ ცხრა თვეში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად უშუალოდ სექტემბერში ადგილი ჰქონდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის საგრძნობ ზრდას. სექტემბრის ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები წლის გავლილი ცხრა თვისათვის საუკეთესო იყო“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ 2020 წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების შეფასებისას.
ექსპერტის თქმით, 2020 წლის სექტემბერის მაჩვენებლები წინა რვა თვის (იანვარ-აგვისტო) შესაბამის საშუალო მაჩვენებლებს ორნიშნა რიცხვით აღემატებოდა.
კერძოდ, ექსპორტი - 13.5%-ით, იმპორტი - 13.2%-ით, ბრუნვა - 13.3%-ით. ამასთან, 2020 წლის სექტემბრის ექსპორტის მოცულობა აღემატებოდა გასული, 2019 წლის როგორც საშუალო თვიურ (4.9%-ით), ისე უშუალოდ 2019 წლის სექტემბრის ექსპორტსაც (8.6%-ით).
„აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ექსპორტის და სავაჭრო ბალანსის საგრძნობი გაუმჯობესების პოტენციალს, ქვეყნის ეკონომიკის მზარდ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას და მდგრადი და დინამიური განვითარებისათვის სათანადო კუმულატიური მუხტის მატებას“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.