ავტორი ალა გრიგალაშვილი
„დავის გაღვივებას არ შევეცდები; არც არავის ინტერესში შედის, რესპუბლიკელებსა და თოფაძეს შორის დაპირისპირება გაღვივდეს და გამძაფრდეს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ალექსანდრე ქანთარიამ განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, დაპირისპირებას ორივე მხარემ წერტილი დაუსვა.
რაც შეეხება გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას, რომ რესპუბლიკური პარტია ინიციატორია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეა, ქანთარიას თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„კოალიციის წევრებისგან მსგავსი არაფერი გამიგია, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. დღე-დღეზე შეგვაქვს ინიციატივა შესაბამის კომიტეტში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას ქორწინებასთან დაკავშირებით მსვლელობა მიეცეს. შეგროვდება 76 კაცის ხელმოწერა და ყველაზე კარგად გამოჩნდება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ - არა. ვფიქრობ, ამ საკითხში კოალიცია ერთიანი იქნება. ინიცირება გამზადებულია, ახლა ხელმოწერის პროცედურები დარჩა.
რაც შეეხება დაპირისპირებას, აქ არ იყო პარტიებს შორის ბრძოლა, ეს იყო უსიამოვნო დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის, რომელიც უკვე ჩაცხრა. ჩემი ინფორმაციით, ამას საბოლოო წერტილი დაესმება პოლიტსაბჭოზე რამდენიმე დღეში", - განაცხადა ქანთარიამ.