logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ წამყვანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 12:19

 

 

საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის – თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ ორგანიზებულ თემატურ დისკუსიაზე, რომელშიც გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წამყვან ანალიტიკოსებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა საუბარი საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და დგას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის წინაშე.

 

ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. დღესაც, პანდემიის პირობებშიც კი, ჩვენ ვდგავართ .. ბორდერიზაციის პროცესის წინაშე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გვყავს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი, რომელიც დღემდე ვერ ბრუნდება შინ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ასევე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჰიბრიდული საფრთხეები.

 

ჩვენ ყოველდღიურად ვდგავართ აქტიური დეზინფორმაციის კამპანიების წინაშე, რაც ქვეყანაში ჰიბრიდული სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. საქართველო აღიარებულია, როგორცკოვიდ-19“-თან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა. თუმცა, ამ მხრივ, ჩვენ გავხდით კიბერშეტევის სამიზნე, რომელიც პირდაპირ დაემუქრა ჩვენს ჯანდაცვის სისტემასპირველ რიგში, ლუგარის ლაბორატორიას, ცენტრს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ერთ-ერთი ბოლო გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით, გულისხმობს 2019 წელს საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორების ვებგვერდების წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას. როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის პოტენციალზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

 

 

საქართველომ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს შავი ზღვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვისას ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რათა მან მოირგოს ახალი როლი და გახდეს უსაფრთხოების სფეროში სანდო პარტნიორი ევროპისთვის, აშშ-ისა და NATO-სთვის. შავი ზღვის კონტექსტში ჩვენი ახალი როლი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ესენიაპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებები. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი იურიდიული ბაზა და ძალიან კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან. ვგულისხმობ ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, როგორიცაა DCFTA, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან. ეს კი სერიოზული გამოწვევაა. როცა ვსაუბრობთ შავ ზღვაზე, იგულისხმება, რომ აუცილებელია, ფიზიკურად დავუკავშიროთ საქართველო ევროკავშირს. ეს კი იქნება ყველასთვის მომგებიანი პროექტი. როცა საქმე ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ახალ შესაძლებლობას NATO-სთან და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობით. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერი, რაც კი უკავშირდება შავ ზღვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

რაც შეეხება სატრანსპორტო კომუნიკაციას, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, იქცეს გაფართოებული სატრანსპორტო კომუნიკაციის რეგიონულ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აღმოსავლეთს. მისივე განმარტებით, სატრანსპორტო კომუნიკაციაში რამდენიმე განზომილება მოიაზრება  – ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ა.შ, შესაბამისად, საქართველოსთვის შავი ზღვა შესაძლებლობების ფანჯარაა.

 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კურსს მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხარდაჭერა აქვს.

 

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. ამავე დროს, ეს გულისხმობს დემოკრატიზაციის პროცესს. ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, უპირველეს განზომილებას წარმოადგენს ევროინტეგრაცია. დიახ, ამჟამად ჩვენ გვაქვს პრაქტიკული ინსტრუმენტებიასოცირების ხელშეკრულება (DCFTA ჩათვლით) და ვიზების ლიბერალიზაცია, მაგრამ დადგა დრო, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგის თაობაზედა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, არამედ ასოცირებული ქვეყნებისთვისაც. მათთვის უნდა არსებობდეს ახალი ინსტრუმენტები ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაფართოებლად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს წარმოადგენს NATO- წევრობა. ბოლო წლებში ჩვენი თანამშრომლობა NATO-სთან მაღალი დინამიურობით გამოირჩევა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე სახეზე არ გვაქვს პოლიტიკური მზადყოფნა, მაგრამ ჩვენ უნდა დავადასტუროთ მტკიცე გადაწყვეტილება ამ პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ქვეყანა მზად არის, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები. ამ პროცესში ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ევროპულ სტანდარტებთან ქვეყნის შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამავე დროს, ისიც ცნობილია, რომ საქართველო პრაქტიკულად მზად არის წევრობისთვის. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელობას და NATO- მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ქვეყნის სტრუქტურული რეფორმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

რეგიონში უსაფრთხოებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება დაუთმო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს და ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

 

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტის ცნება არ არსებობს, რადგან მისიგალღობაძალიან სწრაფად არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არის ის ასე სახიფათო. რაც ხდება ჩვენს მეზობლებს შორის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ჩვენ ვთვლით, რომ მას ახლავს რისკები ფართო შავი ზღვის რეგიონისთვისაც. სწორედ ამიტომ, ესკალაციის დაწყებისთანავე, ჩვენ დროებით შევაჩერეთ ნებართვების გაცემა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებოდით ამ კონფლიქტში ამა თუ იმ გზით ჩართვის რისკის წინაშე, რაც სრულიად მიუღებელია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომაც ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, ვუმასპინძლოთ დიალოგს მხარეთა შორის თბილისში. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორებისგან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მთავარი როლი აქ უნდა შეასრულოს ეუთოს მინსკის ჯგუფმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სამაგალითო ურთიერთობებზე და ბრიტანელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ არსებული, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტია. 1831 წლიდან RUSI, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისთვის წამყვან პლატფორმას წარმოადგენს. ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრები არიან კენტის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი - გენერალი დავიდ პეტრეუსი და გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა ყოფილი მინისტრი, სერ დევიდ ლიდინგტონი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner