მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
აქტიურად მიმდინარეობს აბაშა-მარტვილის 15-კმ-იანი და მარტვილი-ხონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 6-კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები. აღნიშნული გზა მარტვილს ორ მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები: ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, - დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა და მეორე - შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა, გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
„მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, არ გავაჩერეთ სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიმდინარეობს ბევრი ობიექტის რეაბილიტაცია, მოვაწესრიგეთ შიდა გზები და, ხედავთ, დღესაც როგორ აქტიურად გრძელდება სამუშაოები. აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს გადაადგილებას და რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.