logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 18:13

 

 

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. ასეთ მოსაზრებას განსაკუთრებით ამყარებს სავალუტო ფონდის ოპტიმისტური პროგნოზი, რომლის მიხედვითად 2021 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპით ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობა აქვს და იმედის მომცემია.

 

 

სტატისტიკოსი ასევე აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზს აბსოლუტურად ეთანხმება და მიაჩნია, რომ იგი ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებს ობიექტურად, მიკერძოების გარეშე აფასებს.

 

„სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციაა, რომელსაც სუბიექტური მიდრეკილება ან გადახრა რომელიმე სახელმწიფოს ან მთავრობის მიმართა არ გააჩნია. სენტიმენტების გარეშე, ის ფიქრობს, რომ ობიექტურად შეაფასოს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მდგომარეობა, პერსპექტივა და პროგნოზები, ამიტომ  ჩვენ სავალუტო ფონდის შეფასებას უნდა მივენდოთ, დავეყრდნოთ და გავითვალისწინოთ. საყურადღებოა, რომ ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის ვარდნის, ხოლო 2021 წელს ზრდის მაჩვენებლები ერთმანეთის ტოლია. თუ სხვა ქვეყნების შეფასებას ანალოგიური კრიტერიუმით მოვახდენთ, ევროკავშირში, მაგალითად, ზრდის თანაფარდობა ვარდნის მაჩვენებელთან, დაახლოებით 65%-ია, აზერბაიჯანში - 50%, სომხეთში - 77%, ხოლო რუსეთში 84%, ამ ქვეყნების ფონზე, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ანუ ვარდნისა და ზრდის ტემპი  დაბალანსებულია“, - განმარტავს სტატისტიკოსი და დასძენს, რომ  სამომავლოდ საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი სტაბილური მაჩვენებელი.

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ზრდის  უფრო მაღალი ტემპი იქნება (ყოველწლიური ზრდის ტემპი) და ესეც გარკვეული იმედის მომცემი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველს  წარმოადგენს. მეტისმეტ პესიმიზმში ნუ გადავვარდებით, მაგრამ ზომიერი ოპტიმიზმით უნდა ვისარგებლოთ - 7%-იანი ზრდა არ გვექნება, მაგრამ 5%-იანი ზრდაც საკმაოდ დამაიმედებლად მეჩვენება“, - აღნიშნავს არჩვაძე.

 

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. ფონდის გათვლით, 2020 წელს 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს 5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner