logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: წლევანდელი კლოუნადა უფრო ბილწსიტყვიანია, უფრო თავხედური, სინდის-ზრდილობიდან გარეცხილი...
- +

14 ოქტომბერი. 2020. 23:55

 

 

ზუსტად ოთხი წლის წინანდელია. 2016 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ნაფიქრალი.

 

შეიცვალა რამე?

 

კი! მხოლოდ ზარმაც კაცს არ აქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე!

 

წლევანდელი კლოუნადა უფრო ბილწსიტყვიანია, უფრო თავხედური, სინდის-ზრდილობიდან გარეცხილი...

 

ამიტომ, გამეორება ცოდნის დედაა", ანუ, "სხვა საქართველო სად არის?"

 

**************

 

ვზივარ და ვფიქრობ არჩევნების ფინალზე.

 

რომ ვთქვა, ეს შედეგები მოულოდნელი იყო-მეთქი, არ ვიქნები მართალი. გამოვტყდები, არც შედეგებით ვარ მაინც და მაინც გახარებული: ნამდვილად წაადგებოდა ქვეყანას პარლამენტის ზომიერი მრავალფეროვნება - „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების, ბურჯანაძის ნამდვილად ძლიერი გუნდის დეპუტაცია, თუნდაც მინიმალური, მაგრამ, ფრაქციის შესაქმნელად საჭირო რაოდენობით. ასევე, აშკარად დააკლდება ამ პარლამენტს უნიკალური გამოცდილების მძიმეწონოსანი დიპლომატი თედო ჯაფარიძე, გაწონასწორებული და მზარდი დავით უსუფაშვილი,  მრავალგზის გამოწრთობილი ვახტანგ ხმალაძე...

 

მინდოდა, სხვებიც მეხსენებინა, მაგრამ... დამარცხებამ ზოგიერთი ისე დაბოღმა, გააცეცხლა და „გაარეკინა", რომ... ელვისებურად ჩამოიხსნა „ნიღაბი" და სრულიად ახლებურად (ზოგჯერ სამარცხვინოდაც კი) დაგვანახა თავი.

 

ამას კი ვიყავით შეჩვეული წინასაარჩევნო პერიოდში, ველოდით კიდეც გაგრძელებას, მით უმეტეს, წინ მეორე ტურია, მაგრამ თუ ასე იფეთქებდა ზღვარგადასული ისტერიკა, თუ ასე გაძლიერდებოდა ლანძღვა-გინების კორიანტელი, თუ ასე აუტანლად ამყრალდებოდა გარემო, ნამდვილად არ მეგონა. ისევე, როგორც, ბოდვამდე მისულ ამდენ სისულელეს თუ გავიგონებდი იმ ადამიანებისგან, რომელთაგანაც ზოგიერთს მაინც, საზოგადოება აქამდე მოიაზრებდა... „ნაკითხ" და „ჭკვიან" კაცებად.

 

... აი, თუნდაც ერთი ილუსტრაცია, რომელსაც თავად არ შევსწრებივარ, არც „გადატრიალებით" ნახვის სურვილი გამჩენია და ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ დავით ბერძენიშვილმა თქვა ის, რასაც მედია წერს:

 

„პროდასავლური, თავისუფალი, დემოკრატიაზე ორიენტირებული, დისიდენტური, ანტისაბჭოთა აზროვნების და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების წრეში ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა არა კონკურენტუნარიანი" -

 

„ლევან ბერძენიშვილის ბრალი არ არის, რომ მან თავის დროზე ბევრი წიგნი წაიკითხა. არც ირაკლი ალასანიას და რესპუბლიკელების ბრალია, თუ პოლიტიკური კულტურით ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგვეწია".

 

ეს მხოლოდ ორი ამონარიდია იმ ღრმა, ფუნდამენტური ანალიზით აღსავსე, მეტისმეტად თავმდაბლური (!) და მომავალში უცილობელი წარმატების მოპოვების ღრმა რწმენით გამსჭვალული გამოსვლიდან, რომლითაც საბოლოოდ დასამარდა კონკურენტუუნარო და პოლიტიკურად აბსოლუტურად უცოდინარი, უკულტურო ივანიშვილი, რომლის დახმარებითაც „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ამომრჩეველთა 1,55 %-ის მხარდაჭერა, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ თითქმის 49%. (არაფერიც არ შემშლია. ბერძენიშვილის საუბრის ტონალობით ასე ჩანს).

 

მდააა! აი, წარმოვიდგინე პოლიტიკური კულტურის მარათონში მოასპარეზე დავით ბერძენიშვილმა, დავით უსუფაშვილმა, ბუკა პეტრიაშვილმა, ირაკლი ალასანიამ სტარტზევე როგორ ჩამოიტოვეს ბიძინა ივანიშვილი და პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, სადაც მათ ყვავილებით ხელში შეეგებნენ თინიკო ხიდაშელი და მაიკო ფანჯიკიძე...

 

ეტყობა, ფანტაზია არ მეყო ამ უმშვენიერესი სანახაობის და კიდევ უფრო გასახარელი საყოველთაო ყიჟინის წარმოსადგენად და ჩემი თავი დავაჯერე იმაში, რომ არც ასეთი იდიოტია დავით ბერძენიშვილი, რომ ასეთი სისულელე ეთქვა. ბოლოს და ბოლოს, ლევანის ძმაა ბერძენიშვილის და, ალბათ, ჟურნალისტებმა დაასხეს ნავთი ისედაც აალებულ ცეცხლს.

 

... ანდა, „ხიხოებად" და „ვაკელებად", „ქაჯებად" და „სვეცკებად", „ადგილობრივებად" და „ჩამოთრეულებად" როდიდან დაიწყეს პოლიტიკოსების დაყოფა. და თუ ამ თემასთან დაკავშირებული კომენტარების გაცნობისთვის დრო არ დაგენანებათ, დარწმუნდებით, რომ ეს, დაახლოებით, იმას ნიშნავს, ხონის ცენტრში დაბადებულმა ვინმე „ჩიორამ" სოფელ გორდში ფეხადგმულ ვინმე „კაკოიას" სულ ქაჯი და დეგენერატი ეძახოს...

 

ისე, ასეთ რეაქციებს რომ ვკითხულობ ან ვუსმენ, ხან ძველებური ბრძნულად ნათქვამი მახსენდება („ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა!"), ხან კი სოსო გრიშაშვილის საბავშვო ლექსი - „ბაქია და მკვეხარა!"

 

ძალიან ცუდია, რომ ამ თაობებს არ მოუსწრო იმ სახელმძღვანელომ, რომელშიაც დიდი იაკობ გოგებაშვილის სიბრძნით ჩადებული იყო ბევრი ისეთი ნაწარმოები, ბავშვი რომ ჭკუას, გონებას, პატრიოტიზმს, ადამიანებისადმი სიყვარულს, უფროს-უმცროსობას,ზნეკეთილობას სწავლობდა და ეჩვევოდა...

 

ახლა?

 

ჩემ მტერს!

 

ჰოდა, დავიჯერო, ყველა ეს უჯიშო, უზრდელი და უმადური მართლა ლომაია-შაშკინის „რეფორმირებულ" ბაგა-ბაღ-სკოლაში 18 წელს მიტანებული შეიყვანეს?

 

ნეტავ, ამდენი უდედო დოქსოპულო, ამდენი დაუნახავი, ამდენი უზნეო, ბაქია და მკვეხარა საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაზე?

 

 

მასალის სანახავად მიყევით ბმულს:https://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=26960

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner