წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
როგორც რესან კონცელიძემ აღნიშნა, შეხვედრა ამომრჩევლებთან განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციური იყო, რომელიც ბათუმის ისტორიულ უბანში, ძველ ბათუმში გაიმართა. მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, მისი ერთ-ერთი უპირველესი გზავნილი ამ უბნის მოსახლეობასთან, სწორედ ქალაქის ძველი, კოლორიტული იერსახის შენარჩუნებაა.
„სწორედ ეს არის ჩემი გზავნილი ამომრჩევლისადმი, სწორედ ამ სათქმელით მოვედი დღეს, ჩვენი ქალაქის კარიბჭესთან - ძველ ბათუმში. ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობასთან საოცრად თბილმა შეხვედრამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი მიზნებისა და გეგმების უდიდესი შემადგენელი სწორედ ბათუმელები და მათი თანადგომაა“, - აღნიშნა რესან კონცელიძემ.