„დავითგარეჯზე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა, საქართველოს საწინააღმდეგო არგუმენტი აღმოჩნდეს“, - საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
„არსებობს მარტივი საერთაშორისო მოცემულობა, არსებობს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ახდენს, მათ შორის სახელმწიფოებს შორის არსებული დავების განხილვას, მათ შორის დავებს, რომელებიც კონკრეტულ ტერიტორიებს უკავშირდება. ამ სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი პრეცედენტი იმისა, რომ ხდებოდა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტა. ამ სასამართლომ ჩამოაყალიბა გარკვეული კრიტერიუმები, რითაც ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღების დროს. ერთ-ერთი ასეთი შესამოწმებელი მოცემულობა დავის შემთხვევაში არის ის, რომ რამდენად აყენებდა კონკრეტული სახელმწიფო პრეტენზიას კონკრეტულ ტერიტორიასთან მიმართებით და როგორი იყო მისი დამოკიდებულება, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დროს. ამ კონკრეტული თვალსაზრისით, სამართლებრივად რომ შევაფასოთ, გარკვეულ პერიოდში, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ დავითგარეჯა არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას, შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, წარმოადგენდეს ჩვენს საწინააღმდეგო არგუმენტს სამართლებრივი დავის ჭრილში“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ორივე მათგანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.