პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება არსებული მიმართულებებით რეისების დამატება.
„მას შემდგომ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად, ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტრომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება იქნება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალქეებს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკას უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში დაგვეხმარება. ამასთან, შემდგომ უკვე, ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მივცეთ, უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, - აღნიშნა გახარიამ.