„რად უნდა გიღირდეს, სიცრუისა და აგრესიის მანქანა იმისთვის მუშაობდეს, რომ დავითგარეჯასა და ქართული მიწების გადაცემა გაასაღო როგორც სიქველე, ხოლო გარეჯის დაცვა და დაბრუნება მონათლო ღალატად“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა, რომელიც ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, გარეჯი არ არის არც ერთი ხელისუფლების საკუთრება და ვინც დავით ხიდაშელის ინტერვიუს უყურა და ზურაბ ნოღაიდელის წერილს გაეცნო, ასევე ამერიკელი ექსპერტების, საგარეო უწყებისა და პროკურორების პოზიციებს, ამ საქმის ირგვლივ კითხვები აღარ ექნება.
„ყველაფერი ცხადია. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ინტერესები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი და თუნდაც, არჩევნები. რაც შეეხება სააკაშვილს, პერსონალიებზე გამოძიება ისაუბრებს, რადგან მისი ვალდებულებაა, მტკიცებულებები წარმოადგინოს, მაგრამ კითხვებს აღძრავს ის, რომ თურმე, საკითხის განხილვა იყო უშიშროების საბჭოზე. გვახსოვს, მაშინ გადაწყვეტილებების მიღება როგორ ხდებოდა. ერთი ვერტიკალი იყო, რომლის სათავეში პრეზიდენტი იდგა და განცხადება იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავითგარეჯა არ აღმოჩნდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პოზიციას მათი მხრიდან მინიმუმ განმარტებები სჭირდება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.