„სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვისთან გვაქვს საქმე და ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა, რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „კარტოგრაფების საქმის“ თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე დასვა კითხვა - „წინასაარჩევნო პერიოდში უნდა შენახულიყო ის მასალა და ინფორმაცია, რაც ამის თაობაზე მივიღეთ?! ვის რა უფლება აქვს, რომ დამალოს!“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა დარჩენილ კითხვებს გამოძიება უპასუხებს.
„პირდაპირ საოცრებაა, რასაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან. გააფთრებული თავდაცვის რეჟიმი მოწოდებულია, რომ საზოგადოებამ სხვა კითხვებზე დაიწყოს პასუხების ძებნა. პასუხი მარტივია: ყველა რუკა - ამერიკული, გერმანული, რუსული წარმოშობის და სხვა რუკები ადასტურებენ, რომ ეს ტერიტორია (დავით გარეჯის ტერიტორია) საქართველოს ეკუთვნის. ისტორია ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. ასეთი მონდომებით ბრძოლა იმისათვის, რომ დაადასტურონ, რომ ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, არის ყველაზე უფრო სერიოზული და შემაშფოთებელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.