ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მზარდი რაოდენობის ფონზე, ინფიცირებულების მართვის პროცესში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან, რომლებიც ბენეფიციარებს სათანადო მომსახურებას გაუწევენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი, ეკატერინე ტიკარაძე და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სექტემბრის თვის ბოლოდან სამინისტრო გადასულია ბინაზე მართვის მეთვალყურეობის პროტოკოლზე. ჩვენი ონლაინ კლინიკები აქტიურად არიან პროცესში ჩართული და ისინი მართავენ 3 ათასზე მეტ კოვიდ დადასტურებულ პაციენტს. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სადაზღვევო სისტემის აქტიურად ჩართვას ამ პროცესში. ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი რაოდენობის ფონზე, ასევე იზრდება იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებსაც ბინაზე დარჩენა მოუწევთ, მარტივი სიმპტომების ან უსიმპტომო მიმდინარეობის გამო. მათ უბრალოდ ესაჭიროებათ მეთვალყურეობა 10 ან 13 დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა, რომ ყველა ბენეფიციარმა ადგილზე მიიღოს ეს სერვისი, რათა მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და ისინი ონლაინ კლინიკებთან, ასევე ბინაზე მართვის ცენტრალიზებულ ჯგუფთან ერთად, რომელიც ამ პროცესს მართავს, მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და ბენეფიციარები მიიღებენ ხარისხიან სერვისს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება",-აცხადებს ეკა ადამია.