დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმის კოვიდსასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ქალი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა.
„გარდაცვლილი ქალბატონი, ჩვენი, სამედიცინო წრიდანაა.
,სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის.
ვისაც ექიმად უმუშავია და სამწუხაროდ, უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის მომენტი, როცა შენ, ექიმს, არაფერი გძალუძს.
დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილს.
ეს განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა გამყრელიძემ.