„მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, მე წამოღებული მაქვს შეთანხმების აქტის ასლი, ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ. თითქოს ჩვენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად ვაბრალებთ არამართლზომიერ შეთანხმებას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა გადაცემაში შეთანხმების შესახებ განმარტება გააკეთა.
„ჩვენთან არის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით მუშაობს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ და ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით - აგერ არის მელაშვილი, ილიჩოვა, დათუნაშვილი, დიასამიძე. ერთი ფაქტი მაგალითად, აქ სხვებიც აწერენ ხელს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება ხდება, შემდეგი ეტაპი კი, არის ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და პარლამენტში რატიფიცირება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა კიდეც, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება.
„მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს - შევეგუოთ და დავთანხმდეთ? 3600 ჰექტარი მიწაა გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი?“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.