თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში განხორციელებული ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და მომხდარის გამო თურქ ხალხსა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სამძიმარი გამოუცხადა.
„თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ბატონ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს
ღრმად პატივცემულო ბატონო ელჩო,
ნება მიბოძეთ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით გულწრფელად მივუსამძიმრო თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი საშინელი ტერაქტის გამო.
ასევე მინდა თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცე ვუსურვო. ქართველი ხალხი თანაზიარია თქვენი მწუხარებისა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
გვიგულეთ თქვენს გვერდით.
პატივისცემით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი", -ნათქვამია სამძიმრის წერილში.