ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეატრში დაზიანებული კედლები სრულად გამაგრდა, შეიცვალა სახურავი, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის შიდა და გარე ფასადებს. ასევე სრულად აღდგა თეატრის დიდი დარბაზის ჭერის მოხატულობა, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები, მოპირკეთდა გარე ტერიტორია, მოეწყო გამწვანება და სხვ.
ინფორმაციისთვის, თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016-დან 2020-წლამდე მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.
მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, ფონდ „ქართუს“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული. კერძოდ, დაფინანსდა - რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების სრული სარესტავრაციო სამუშაოები.
გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. მხოლოდ სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამები, ფონდ „ქართუს“ 200 მილიონზე მეტი ლარით აქვს დაფინანსებული.