logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: მე სიყვარული ვიცი რა არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 11:55

 

 

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე.

მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე

ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია დროის მკლავებზე

თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი,

ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.

მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე,

როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქბოდა გათოშილ ჭადრებს,

როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს

ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

 

იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი,

მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა

როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი!

 

...გახსოვს? ცისფერი ხეობის გასწვრივ მზე რა შველივით მორბოდა შენსკენ

და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...

ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს

სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა...

 

ჩვენ მივდიოდით, მე შევაგებე აბაზიანი, ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას.

...გახსოვს?-ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა.

შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე,

მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ.

 

შენ გიხაროდა შენი არსება, შენ ის გეგონა შენი ერთგული

ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად

(კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე,

ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.)

ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ

და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე სენს შესახებ,

რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.

 

რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?!

შენ ვერ მიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ

და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს,

რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად...

 

მე სიყვარული ვიცი რა არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!

და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ, მოვალ და ყველაფერს გეტყვი?

-არა! არ არის ის სიყვარული რასაც საერთოდ მას უწოდებენ,

ის არის ბევრად იმაზე მეტი!...

 

მე ვარ მდინარე!

 

ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს

რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე.

არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს

ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.

 

ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის, მე გადმოვედი ამ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.

 

მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები,

ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები...

განმეორდება ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია,

გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი

და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!

 

ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან

და გულგრილობა, შენი თუ სხვისი, ავი ძაღლივით გებას კარებთან.

ღობის გარედან კრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან,

ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.

სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან

და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან,

მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ,

მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში,

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე,უცებ გაწვიმდა და დაიქუხა,

სადღაცას მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი

და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!

 

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი...

მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ:

ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?

პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის.

არსებობს ალბათ ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი.

ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად...

მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!...

ასეა თურმე თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება

უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო.

 

არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!

არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს.

მე ისევ მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს,

მაგრამ მე ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება,

ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს.

 

და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

 

...არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო!

 

უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო,

ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!

მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთრი თავის შესახებ.

მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.

სულაც არ მინდა ვიყო ერთერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო,

მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო.

 

მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა! შენი პასუხი ზეპირად ვიცი...

მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს.

შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე. სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე

როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.

 

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი.

მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ ეხლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო

მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს

და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,

არც დამიკარგავს არსდროს თითქოს.

 

მაგრამ ეს არის ახლა ზღაპარი "იყო და რა იყო რას" მსგავსი

და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა,

მე ბავშვი უკვე არა ვარ ეხლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.

ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობრებიც გაგიჩნდა ბევრი.

 

მე შენთვის ისეთი ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ...

და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ,

მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ,

მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.

 

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს,

ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს,

უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო...

 

შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორს იყავი და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ.

 

მარტო ვარ შუა ოკეანეში, სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.

მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები

და დაგივიწყებ,როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.

 

ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა

(მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე)

ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!

რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით,

გზას გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი!

და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს...

ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე ნეტაში დაგახრჩობ მერე.

მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში

შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:

 

-რა დაგემართა!-ვერ მცნობ?-ეს მე ვარ!

 

მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.

ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება,

თუმცა არ ვიცი ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?

მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით,

რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა. იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე,

თუმცა მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.

უკვე თენდება, თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას,

წვიმის წვეთები,როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.

მე დავირალე,მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა,

მე უშენობა ძალიან მიჭირს...

 

(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაწაწინა შემოჯდა ჩიტი)

მე მენატრები როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი)

მე მაინც მჯერა სენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!

თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი.

იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს,

უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.

მე ვარ მდინარე! ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს,

მეორეს ეძებს რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ გზებზე,

არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს,

ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ...

(დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა:

 

ვისაც ვეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, ის ვინც მე მსურდა)

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის,

შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.

შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი.

მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან გასული გემი!

 

შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი.

არც სიახლოვე,არც სინანული,არც დაბრუნება,არც აღსარება,

მე არაფერი არ მინდა შენი.

 

ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს,

ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე თავის სიმართლეს იცავს,

კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხავს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი,

მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით.

მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი...

 

იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ მაინც გახსენი იგი.

მე არაფერი არ მეგულება შენი ლამაზი თვალების იქით!...

ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს,

დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.

მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა,

ეს იყოს თუნდაც მხოლოდ სალამი,ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!

 

შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა,

არც თავს ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას.

მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს,

ასე თავდება ყველა წერილი, და ეს წერილიც გათავდეს ასე.

მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი

თვითონ არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი...

 

***

 

მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ა   ი ტ ა ლ ი ა შ ი

 

(ეს ლექსი პაატამ უძღვნა მამას, ცნობილ მოქანდაკეს თემო ნაცვლიშვილს (რომელსაც წელს, 19 ივნისს, დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა)

 

მე არ ვუყურებ, ეს – შენ უყურებ რომს და პადუას ჩემი თვალებით,

ჩემს წინ კი არა, შენს წინ დადიან იტალიელი ამორძალები.

 

ციცქნა კაპელის იდუმალ თაღქვეშ შენ შეგეგება ფრესკებით ჯოტო,

სან-ანტონიოს დღეს მე კი არა, შენ გადაუღე ფერადი ფოტო.

შენ გესალმება გატამელატა, გაჯერებული სისხლით და ომით,

ივსები რომით და ბოლონიით და ფლორენციით და ისევ რომით.

ეს – მე კი არა, შენ უმზერ ახლა ჯულიანოს და ლორენცოს მზერას,

ისე უბრალოდ, თითქოს ჩვენს ბაღში ძირს ჩამოცვენილს კრიფავდე ჭერამს.

აჰა, უფიცი! პონტე ვეკიო! აჰა, პერსევსის მოჭრილი თავიც!

ჩემთვის ერთია, შენ კი ანსხვავებ ერთმანეთისგან სამივე დავითს.

შენ ესალმები ბრინჯაოს მხედრებს, დაღლილებს ცხენზე ამდენხანს ჯდომით,

ივსები რომით და ფლორენციით და ვენეციით და ისევ რომით.

შენ ხედავ, როგორ ირეკლავს სხივებს სან-მარკოს ტაძრის ოქრო და ვერცხლი,

დოჟთა სასახლის აჟურულ სვეტზე შენ შეამჩნიე – ბუდეა მერცხლის.

შენ გესმის, როგორ ხმაურობს ხალხი, როგორ რეკავენ მავრები ზარებს,

როგორ სიმღერით მიდის გონდოლა სადღაც სან-ჯორჯო-მაჯორეს მხარეს.

იტალიაა! აქ ყველაფერი გაოცებს ფორმით, ფერით თუ ზომით.

ივსები რომით და ვენეციით და ფლორენციით და ისევ რომით.

შენ ესალმები პიეტას, მოსეს, სიქსტის კაპელის პლაფონს თუ ფრესკებს,

და წმინდა პეტრეს ტაძრის მტრედები ჩემსკენ კი არა, მოფრენენ შენსკენ.

შენთვის მორთულა რომის ძუ მგელი, რომის ფორუმი და რომის პაპი,

ფონტანა-ტრევი შენგანაც ელის ლირას და ლირას, კაპიკს და კაპიკს.

შენ მოგეწონა, რაც მომეწონა და შენ მოგინდა, რაც მე მომინდა.

ავდივარ ტრაპზე. მე არ მოვფრინავ, ეს – შენ ბრუნდები ახლა რომიდან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner