სულხან მოლაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 2030.news-ს განუცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ევროპულ სასამართლოში დასრულდა წამების საქმეზე გამოძიება.
„ევროპულ სასამრთლოში დასრულდა საქმე და საქართველოს ხელისუფლებას დაავალა საქმის გამოძიება. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს", - განაცხადა ბარათაშვილმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და დღეს დილით გარდაიცვალა.
სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააპატიმრეს და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ცნეს დამნაშავედ. 9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს.
მისი საქმე გასაჩივრებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.
2008 წლის იანვარში მოლაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.