ავტორი ალა გრიგალაშვილი
„გამოართვით ასანთი ხელიდან ხიდაშელს, თორემ გადაწვავს სახლს. თანამდებობის დაკარგვის პერსპექტივით გაღიზიანებული თავდაცვის მინისტრი პატარა ბავშვივით მავნებლობს", - ამის შესახებ სანდრო ბრეგაძემ თავდაცვის მინისტრზე საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.
„ეროვნულების" თქმით, ხიდაშელი კიდევ ერთი, ქვეყნისთვის ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.
„სამარცხვინოა, როდესაც ორღობის დედაკაცის დონეზე გადის ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. გაბრაზდა და ეწყინა ქალბატონს მინისტრის სავარძლის ფაქტობრივად დაკარგვა და მთავრობასთან შეუთანხმებლად სავალდებულო გაწვევა გააუქმა. ღრმად არასერიოზული საქციელია ეს, თუმცა საფრთხის შემცველი. ბატონო პრემიერო, დაზუსტებით ვიცი, რომ კიდევ ერთ მავნებლობას გეგმავს ეს ქალბატონი და დაბოღმილზე სანამ ისეთი სისულელე არ ჩაუდენია, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება, დროზე გადააყენეთ პოსტიდან. თავდაცვის მინისტრად მისი ყოფნის თითოეული დღე საფრთხის შემცველია.
P.S.არ იქნება კარგი სანახავი, თანამდებობიდან გადადგომამდე თავდაცვის მინისტრმა ნათქვამი ძველი ფრაზა გაიმეოროს -„აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ", - აცხადებს ბრეგაძე.