„დადგინდა, რომ საქართველოს საზღვრის ამსახველი ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რუკა არსებობს, რომლებზეც განსხვავებულად არის გავლებული საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ხაზი, კერძოდ, გავრცელებულია საქართველოს ისტორიული საზღვრის ამსახველი 1938 წლის რუკები (სხვადასხვა მასშტაბის), რომლებიც არის ერთადერთი ლეგიტიმური დოკუმენტი მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარზე შეთანხმებისთვის“, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, როკურორმა ჯარჯი წიკლაურმა „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მოპოვებული რუკების მიხედვით, დავითგარეჯის ისტორიული ძეგლები უდავოდ საქართველოს ტერიტორიაზეა.
„ამ რუკების მიხედვით, უდავოა, რომ დავითგარეჯის ისტორიული ძეგლები ჩვენს ტერიტორიაზეა.
ასევე გავრცელებულია 1945 წლის შემდეგ გამოცემული რუკები, მათ შორის – 70-80-იანი წლების გამოცემები, სადაც საზღვრები დამახინჯებულია, საქართველოს საზიანოდ არის შეცვლილი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავითგარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
პროკურატურა ამტკიცებს – თუმცა ამას მტკიცება არც სჭირდება, რადგან ეს საარქივო მასალაზე დაყრდნობით ობიექტური ჭეშმარიტებაა – რომ კომისიის ექსპერტებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წლის რუკებით და კარტოგრაფიულად დაედასტურებინათ, რომ გარეჯის კომპლექსი საქართველოა.
ამის ნაცვლად მათ შეგნებულად გამოიყენეს 80-იანი წლების რუკები, დამახინჯებულად გაავლეს საზღვრის ხაზი და დღემდე ამტკიცებენ, რომ გარეჯის ძეგლები აზერბაიჯანს ეკუთვნის.
ესეც არ იკმარეს და ახალი რუკების გამოყენებითა და დამახინჯებული საზღვრის გავლებით 3500 ჰექტარი საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე შექმნეს“, - განაცხადა პროკურორმა.