„დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იპოთეკით დაზარალებული ადამიანების მთელი არმია დამხვდა, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის პრობლემა, ადამიანები ყველგან იძულებულნი იყვნენ, რომ ჯანმრთელობის სანაცვლოდ ბინები და სხვა სახის ქონება ჩაედოთ ბანკებში მტაცებლური პირობებით. ახლა სხვა დროა, ჯანდაცვის კუთხით სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ იმ ძველ ვალებს მოშორება უნდა“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„ერთი პერიოდი კერძო პირმა გადაწყვიტა და იცით, რომ 630 ათას ადამიანს ვალები დაუფარა, მაგრამ ამ პრობლემის ასე იოლად მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუმცა ამ თემაზე მუდმივად იქნება მსჯელობა. მე ამ ეტაპზე არ შემიძლია, რამე დაპირებები გავცე. ვნახოთ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთი საკითხია... ბოლო მონაცემებით საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა რიცხვი კი განახევრდა, ამან გარკვეული სტიმულიც გააჩინა, მაგრამ ასეთები ჯერ კიდევ მრავლად არიან. საერთო ჯამში მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.