„ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, რადგან ეს გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქვეყანაში ვერავინ შეძლებს ვირუსის დამოუკიდებლად დამარცხებას და ამისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
„ქვეყანა რომ განვიხილოთ; ქვეყანაში ვერავინ გაიმარჯვებს ვირუსზე ცალკე; ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ, რათა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი თანაცხოვრება იყოს ნორმალური, ისეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.