logo_geo
eng_logo
„დავითგარეჯის ლავრის“ ეროვნული სიწმინდეები საფრთხეშია!
- +

19 ოქტომბერი. 2020. 15:41

 

 

დავითგარეჯის ლავრა, სამონასტრო კომპლექსი, VI ს. ბოლო მეოთხედში დააარსეს „სირიელმა მამებმა“, დავით გარეჯელმა და მისმა მოწაფეებმა, რომლებიც მოვიდნენ ძველი ქართლის სამეფოში მართლმადიდებლური ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 70-ოდე კმ-ის დაშორებით, გარეჯის უდაბნოში, ძველ ქართულ პროვინციაში, კუთხეში, რომელიც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის – რუსთავის საერისთავოს – შემადგენლობაში შედიოდა. ეკლესიებს გარდა, ამ შესანიშნავი ისტორიული ძეგლიდან შემორჩენილია ქართული წარწერები, მათ შორის VI-VII საუკუნეების ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა სტელაზე და კედლის მხატვრობა, კერძოდ, XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკა თამარ მეფისა! მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და დღემდე გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა გათხრებმა (აკად. კ. ფიცხელაური და სხვ.) დაადასტურა, რომ ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული აღნიშნული მხარე ადამია¬ნის მიერ უკვე ათვისებულია, ხოლო ბრინჯაო-ადრერკინის ხანის რამდენიმე დასახლება და სამაროვანია აღმოჩენილი, რომელიც აღმოსავლურ-ქართული კულტურის ორგანული ნაწილია. ამგვარად  აქ ჩვენს წინაპრებს კომპაქტურად უცხოვრიათ ძვ.წ. VI ს-ში ეკოლოგიური პირობების გაუარესებამდე. შემდეგ კი, შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიას საძოვრებად იყენებდნენ.

 

1924 წლიდან მონასტრის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამიერკავკასიის ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის დადგენილებით (საქართველოს აჯანყების შემდეგ!) აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა იმ საბაბით, რომ იქაური მომთაბარე მწყემსები საძოვრების ნაკლებობას განიცდიდნენ. ამ დანაშაულებრივ ქმედებაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ დროის ქართველ ინტერნაციონალისტ კომუნისტებს ს. ორჯონიკიძეს, ფ. მახარაძეს და სხვ. (დაწვრ. იხ. ლ. მირიანაშვილი. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში, თსუ, კავკასიური ძიებანი, I, თბ. 2009, გვ. 493-501).

 

დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი დავით გარეჯის მონასტრის ამაღლებულ მთაგორიან ნაწილზე გადის.

 

როგორ არ გავიხსენოთ აქ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის 1919 წლის 16 ივნისს დადებული „თავდაცვითი ხელშეკრულება“, რომლის თანახმადაც საშიშროების შემთხვევაში ერთად დაიცავდნენ თავიანთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმა არც ეს აპატია საქართველოს.

 

 ხელშეკრულებაში სიტყვაც არ არის ნათქვამი რაიმე ტერიტორიალურ პრეტენზიებზე. ან იმაზე, რომ დავითგარეჯის სატაძრო კომპლექსი „ალბანური კულტურის“ ძეგლია და არა ქართული ქრისტიანული სიწმინდე.

 

ეს ადგილები 1921 წელს მოინახულა და შეისწავლა სახელგანთქმულმა მეცნიერმა, აკად. გ. ჩუბინაშვილმა. მთავრობის სახელზე გაგზავნილ „გარეჯის ექსპლუატაციის“ საექსპერტო დასკვნაში ის აღნიშნავს, თუ რა უზარმაზარ კულტურულ ღირებულებათა მატარებელია ეს უნიკალური ქართული ქრისტიანობის ძეგლი. 1943 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა მონოგრაფია „დავითგარეჯის მღვიმური მონასტრები“, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის გარეჯის კომპლექსის შესახებ.

 

როგორც ჩანს, დავითგარეჯის შესახებ ცოტა რამ იცოდა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ქალბატონმა ელენე რუსტამოვამ, რომელმაც ბაქოში 2017წლის მარტში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გარეჯი ალბანური ქრისტიანული კულტურის კუთვნილებად გამოაცხადა. გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ სააგენტო „ნიუს პრესის“ მეშვეობით ეს სტატია გადმობეჭდა, აღინიშნა ისიც, რომ წელს დაგეგმილია ქართულ-აზერბაიჯანული 480 კმ-იანი სასაზღვრო ხაზის დელიმიტაციის დასრულება. ამ წერილს, რომლის სახელწოდებაა „ვის დარჩება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი“ საზოგადოებრივ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. „საქართველოს რესპუბლიკამ“ (2017 წლის 25 მარტი, # 67, გვ. 6-7) ცხელ კვალზე გამოაქვეყნა არგუმენტირებული სტატია სათაურით: „სათაყვანებელი რელიგიური სიწმინდე“, რომელიც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფ. დავით მერკვილაძეს ეკუთვნის. რედაქციამ პუბლიცკაციას თავისი მეტყველი სლოგანები, ეპიგრაფი, პროლოგი და ეპილოგი დაურთო: „ისტორია ჩვენს მხარეზეა!“ და აკად. ნ. კეცხოველისეული . . .   „მიეცით ნებისმიერ ერს დავითგარეჯი და მას ისტორია ექნება“.

 

რედაქცია თავის მკითხველებს, საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც, გვისვამს მტკივნეულ კითხვას: „ვისია სინამდვილეში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და როგორ იქცა ეს საკითხი ორ სახელმწიფოს შორის სადავო თემად“.

 

ნიშანდობლივია, რომ ამ ჭეშმარიტად არარიტორიკულ კითხვას პასუხი გასცა ჯერ კიდევ მღვდელ-მონაზონმა გერმოგენმა თავის ვრცელ ინფორმაციაში: „დავით გარეჯის უდაბნოს აკლება“, რომელიც 1918 წელს დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს“ იანვრის თვის 2, 14 და 19 ნომერში. აზერბაიჯანელმა მწყემსებმა, რომლებიც ცხვარს ყარაიას ველზე აძოვებდნენ, ზამთრის სადგომებად მოითხოვეს საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით ნაგები და მოხატული დავით გარეჯისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსები; თავს დაესხნენ ლავრას, გაძარცვეს მონასტრები, გაანადგურეს ჯვარ-ხატები და გადაწვეს იქაურობა, წერაქვებით დაშალეს ნაგებობები. იმ მიზნით, რომ „ყოველივე ნიშანწყალი გაექროთ კვალი ძველის ქართული კულტურისა“, - წერდა მეუფე გერმოგენი. ცხადია, ასე ვანდალურად ისინი თავიანთ წინაპრების ნაამაგარს ალბათ არ მოექცეოდნენ. საქართველოს მთავრობა იძულებული იყო, გარეჯის ლავრისთვის შეიარაღებული მცველები დაეყენებინა.

 

საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაულებრივი აქტი: უკანონოდ, ყოველგვარი წესის დარღვევით 1922 წლის 28 იანვრიდან ყარაიასა და უდაბნოს დიდი ნაწილი სპეციალური დადგენილებით (როგორც საძოვრები და არა კულტურის ძეგლები!) საბჭოთა აზერბაიჯანს გადასცა. ამ „საძოვრებში“ აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის, დემეტრე II თავდადებულის და ქტიტორთა დიდებული ფრესკებით. კომუნისტური რეჟიმის დროს ლავრა მომთაბარე მწყემსების თავშესაფარი იყო.

 

ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1923 წლის 30 აპრილის დადგენილებით ელდარის სტეპი აზერბაიჯანის სსრ გადაეცა. ადმინისტრაციულმა საზღვარმა დავით გარეჯისკენ გადაინაცვლა, რომელიც ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენდა (იხ. ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა. გამო-ფენის მეგზური, რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი. თსუ გამომცემლობა. თბ., 2016, გვ. 24-30).

 

1925 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ მიწათმოქმედების კომისრების ა. გეგეჭკორისა და ი. ბუნიათ-ზადეს საქმიანი შეხვედრა სიღნაღისა და ზაქათალის მაზრების („უეზდების“) საზღვრების სადავო მონაკვეთების თაობაზე (შსს არქივი, ფონდი 14, აღწ. 3, საქმე #54, გვ. 22). გადაწყდა საზღვარი ალაზანზე დარჩენილიყო, ხოლო გარეჯის მიმდებარე საძოვრები „შრომითი გამოყენების პრინციპით“ მიემაგრათ აზერბაიჯანისათვის, რადგან ისინი თითქოს „ფაქტიურად მათ შრომით სარგებლობაში იმყოფებოდა“. ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით დავით გარეჯის მონასტრის კულტურის ძეგლების დაცვა დაევალა საქართველოს სსრ თბილისის მაზრის აღმასკომს. გამოიყო შეიარაღებული მცველების საშტატო ერთეულები. მოხდა რამდენიმე შეტაკება ძეგლის მცველებსა და აზერბაიჯანელ მწყემსებს შორის, რომელთაც ეწადათ, საქონლის ზამთრის სადგომად გამოეყენებინათ სამონასტრო ნაგებობები. 1926 წლის იანვარში ეს კონფლიქტური სიტუაცია განხილულ იქნა „ზაკ კრაი-კომის“ სხდომაზე ფ. მახარაძის და ს. თორდიას მონაწილეობით, რომელმაც კანონიერად ცნო 1922 წლის ხელშეკრულება „საძოვრების გამოყენების თაობაზე“. 1929 წლის 18 თებერვალს ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება „გარეჯის ზამთრის საძოვრების და ელდარ-სამუხის ზამთრის საძოვრების შესახებ“. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარმა ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გაიარა (იხ. ჯ. კეკელია. საქართველოს ტერიტორია და საზღვრები, თბ., 2006, გვ. 51-55). პრობლემასთან დაკავშირებული ყველა საბუთი რუსულ ენაზეა შედგენილი და გამოქვეყნებულია (იხ. ს. ვარდოსანიძე, ვ. გურული, კ. ხარაძე, ლ. ჯიქია. მ. კვარაცხელია. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957 წწ.). გამოკვლევა, დოკუმენტები და მასალები. რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი. თბ., 2015, გვ. 126-127).

 

XX ს. 80-იან წლებში, როდესაც საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დავითგარეჯის ტერიტორიაზე დაგეგმა კომპლექსური სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები, რეალურად დადგა საკითხი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენილი ბერთუბნისა და უდაბნოს, ხოლო ჩიჩხიტურის ნაწილობრივ კომპლექსის ერთიანი გეგმით აღდგენისა. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა არქიტექტორ-რესტავრატორმა თ. აბრამიშვილმა მიმართა ქვეყნის ხელმძღვანელობას, რათა ეშუამდგომლათ აზერბაიჯანის მთავრობის წინაშე ზემოხსენებული ისტორიული მხარისა და ქართული ძეგლების გადმოცემის მიზნით. სანაცვლოდ ქვეყანას დაეთმო სხვა ტერიტორია. სამწუხაროდ, შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო, როგორც ჩვენში ასევე მეზობელ ქვეყანაში, აღნიშნული პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩა. როგორც ვრწმუნდებით, დღეს იგი კვლავ აქტუალური ხდება.

 

საკითხის გადაწყვეტამდე, ჩვენი აზრით, დავითგარეჯის ლავრის კომპლექსის ტერიტორია ნეიტრალურ ზონად უნდა გამოცხადდეს, რომლის მონახულების საშუალება ყველას უნდა მიეცეს, ტურისტებსა თუ მომლოცველებს, რადგან ეს ძეგლი, „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“ (წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმართი, პატარა ქვაბები) თბილისიდან 70 კმ-ის მანძილზე მდებარეობს და უძველეს ქართულ მიწაზეა განთავსებული. ამასთან, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან მოყოლებული, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად არის გამოცხადებული. 2008 წლის 24 ოქტომბრიდან გაეროს 33-ე სესიაზე შეტანილია „იუნესკოს“ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში, 8 პარამეტრით (არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვ.). ამ კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეოქ-დაღს“ ანუ „მღვდლის მთას“ უწოდებენ. პრობლემა მისი ტერიტორიული კუთვნილებისა, აზერბაიჯანელი ექსპერტის მუბარიზ ახმედოღლუს აზრით, „ღიად რჩება“ და „არანაირი თვალსაჩინო შედეგი არ არის მიღწეული“. მხარეები კარგად გრძნობენ პოზიციების დაახლოების აუცილებლობასაც, რაც იმედების მომცემია. საქართველო უარს ვერ იტყვის თავის კულტურულ მემკვიდრეობაზე, რაც განმტკიცებულია უამრავი წყაროებითა და დოკუმენტური მასალითაც (დაწვრ. იხ. გარეჯის ისტორიული დოკუმენტები XIII-XVIII სს. ნაკვეთი I, II. გამოსაცემად მოამზადეს დ. ლომინაძემ, მ. ჭუმბურიძემ და ზ. სხირტლაძემ. გამომცემლებია „გარეჯის კვლევის ცენტრი“ და „საქართველოს ეროვნული არქივი“, თბილისი, 2008, 2011). გარეჯი გახლდათ ქართული სამონასტრო ცხოვრების აკვანი, ქართული განათლების, მწიგნობრობის ერთ-ერთი მძლავრი კერა, კლდეში ნაკვეთი სავანე. ჩვენ გვწამს, რომ ადრე თუ გვიან მოვნახავთ საერთო ენას და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად დავიცავთ ქართულ სიწმინდეებს.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჩვენი დიდი მეგობრის ი. ალიევის 2007 წლის 19 იანვრის ბრძანებულებით აღნიშნული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი გამოცხადებულია ქართულ-აზერბაიჯანული „დიალოგის სივრცედ“. დავითგარეჯის (აზ. „ქეოქ-დაღის“) სამონასტრო კომპლექსს სპეციალური ნარკვევი მიუძღვნა თანამედროვე აზერბაიჯანელმა მკვლევარმა იუნუს ნასიბლიმ (იხ. Yunis Nasibli, The Keshikchidagh Monastic Complex, kr. Oxford, გვ. 86-90). ის ეყრდნობა არქეოლოგ მანსურ მანსუროვის მოსაზრებებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენილი არაერთი დაზიანებული ტაძარი თითქოს „ალბანური სტილის ნაგებობას“ უნდა წარმოადგენდეს, რომელზეც შემდეგ დააშენეს ქართული ეკლესია. აქ უნდა მოვიტანოთ პროფ. გ. ოთხმეზურის დაკვირვება, რომლის მიხედვით დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში VII-XIX სს. 1000-ზე მეტი ქართული წარწერა-გრაფიტია აღმოჩენილი, რომელთა შორის არც ერთი არ არის ალბანური (იხ. გ. ოთხმეზური, დავითგარეჯი: წარსული და აწმყო. გაზეთი „კლდე დავითისი“, 2012 წლის 12 ივლისი). ავტორის სიტყვებით: „ქართული სულიერების, მართლმადიდებლობის, კულტურისა და განათლების ერთ-ერთი უდიდესი სავანე საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებისა და გავრცელების უძველესი კერა“ - დავითგარეჯის ლავრაა. მას განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება. ამაზე იყო საუბარი 2000 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში. გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი“ (იხ. სიმპოზიუმის მასალები. რედაქტორი პროფ. ზ. სხირტლაძე, თბ., 2001).

 

II მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს, დავითგარეჯში მოეწყო და 1990 წლამდე განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო და სატანკო საწვრთნელი პოლიგონი. XX ს-ის ოთხმოციან წლებში დავით-გარეჯის კომპლექსის დასაცავად ეროვნულმა მოძრაობამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობამ (თ. ჩხეიძე, თ. ისაკაძე, დ. ტურაშვილი და სხვ.) ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად მიაღწიეს იმას, რომ აღნიშნულ პოლიგონზე შეწყდა სამხედრო-საწვრთნელი მანევრები, დაბომბვები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დავით-გარეჯის კულტურულ-ისტორიულ, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებს. სამწუხაროდ, მაშინ აზერბაიჯანულ მხარეს რაიმე შეშფოთება ამ თუნდაც „ალბანური კულტურული“ ძეგლის ბედთან დაკავშირებით არ გამოუხატავს.

 

დღესაც საზღვრის ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გადის, რაც მრავალ უხერხულობას ქმნის.

 

ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ხსენებული ტერიტორია გარეჯის სამონასტრო კომპლექსითურთ საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს. ეს შეიძლება გადაწყდეს მთავრობათშორისი მოლაპარაკების შედეგად.

 

ვფიქრობთ, სადავო საკითხის გადასაჭრელად ოთხი ძირითადი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული: 1) ისტორიული, 2) კონფესიური, 3) სამართლებრივი და 4) პოლიტიკური.

 

ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი, ანექსირებული საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი აზერბაიჯანთან გარეჯის პარამეტრზე არ უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საზღვრად. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში უნდა დაიკავოს უაღრესად პრინციპული პოზიცია (საქმე ეხება დაახლოებით 500 ჰა სადავო მონაკვეთს. ჩვენ, მონაცვლეობის პრინციპზე დაყრდნობით, შეიძლება დავთმოთ საზღვრისპირა სხვა სექტორში. მით უმეტეს, რომ დავით გარეჯის კომპლექსს არავითარი კავშირი არა აქვს არც აზერბაიჯანის და არც ისტორიული ალბანეთის არც მატერიალურ და არც სულიერ კულტურასთან. თუმცა უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები დღეს აზერბაიჯანის საზღვრებშია, ისევე როგორც გობის საეპისკოპოსო საყდარი და ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია საინგილოში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დამდგენ I რესპუბლიკის სამთავრობო კომისიაში (1918-1921 წწ.) მუშაობდნენ ივ. ჯავახიშვილი და პ. ინგოროყვა. 1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს“ ეგიდით გამოსულ ივ. ჯავახიშვილისეულ მონოგრაფიას: „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“ და თანდართულ რუკას თავისი დიდი მეცნიერული ღირებულება დღესაც არ დაუკარგავს და  საჭიროა მას ყურადღებით გაეცნონ ჩვენი საზღვრების დამდგენი სამთავრობო კომისიის წევრები. ისევე როგორც პ. ინგოროყვას ნარკვევს: „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ“ (რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა „სარანგი“, თბ., 1990, გვ. 13-15).

 

 

აკად. როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

აკად. მარიამ ლორთქიფანიძე

აკად. ნანა ხაზარაძე

აკად. ზაზა ალექსიძე

აკად. დავით მუსხელიშვილი

აკად. წევრ-კორ. გურამ ლორთქიფანიძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner