ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.
„მივმართავ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ვანო მერაბიშვილის გამართლებას შეეცადა - თქვენ თუ დაგავიწყდათ, ვინ იყავით და საიდან მოხვედით, ჩვენ გაგახსენებთ, „ნატვრის ხის" გმირივით რომ დაჰყვებოდი ბიძინა ივანიშვილს. იცოდეთ, ვინც გაბედავს და ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოუშვებს, საქართველოში აღარ დაედგომება, ჩვენ, გამწარებული ხალხი ვაგებინებთ ყველას პასუხს!
ბატონო მარგველაშვილო, თქვენ ჩემი კი არა, „ნაციონალების" პრეზიდენტი ხართ! მე, ლია კრიალაშვილი, გპირდებით, რომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მერაბიშვილს ვადაზე ადრე ვერ გაათავისუფლებენ! ვანო მერაბიშვილო, არც იოცნებო გარეთ გამოსვლაზე, ჩემი ძმის მკვლელობისთვისაც მოგიწევს პასუხისგება!" - აცხადებს კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
კრიალაშვილი ასევე კორცხელის ინციდენტსაც ეხმაურება.
„როცა კორცხელში ინციდენტი მოხდა, დასავლეთი, არასამთავრობოები, ბურჭულაძეები და ნანუაშვილები აპროტესტებდნენ. 9 წლის მანძილზე სააკაშვილი ხალხს ქუჩაში რომ ხოცავდა და ციხეში უშვებდა, ხმა არავის ამოუღია. დღეს ლომჯარიები და ხოშტარიები ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან ლგბტ-ების დაცვაში, უჩა ნანუაშვილი კი ბანს აძლევს. ჩვენი ხალხი არ ვართ? ამდენ გამწარებულ, გაუბედურებულ ადამიანს არ გვჭირდება დაცვა?!" - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.