ორ თვეზე მეტი გადის, რაც პუტინის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, თავი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოიცხადა. ბელარუსი ხალხი რუსეთის მარიონეტი ლიდერისგან იმდენად დაიღალა, რომ 9 აგვისტოს ქუჩაში გამოვიდა და მას შემდეგ მშვიდობიანი პროტესტი არ შეწყვეტილა.
ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმს უყენებს. მას თანამდებობის დატოვებას, დემონსტრანტებზე ძალადობის სრულად შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტიხანოვსკაია საერთო-სახალხო გაფიცვით იმუქრება.
ბელარუსის ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად რჩება. მან 10 ოქტომბერს ლუკაშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე მიპატიჟება მიიღო, თუმცა მინსკის „კგბ“-ს საგამოძიებო იზოლატორში გამართულ თავყრილობას არ დასწრებია. კოლესნიკოვამ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ოპოზიციის ყველა ლიდერი ან დაპატიმრებულია ან სამშობლოს დატოვება აიძულეს, ლუკაშენკოსთან დიალოგის გამართვას აზრი არა აქვს.
11 ოქტომბერს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებმა მკვეთრად რადიკალური სახე მიიღო და ორგანიზატორები ქვეყნის 90-იანი წლების ქაოსის დაბრუნებაში დაადანაშაულა. მინისტრის პირველმა მოადგილემ გენადი კაზაკევიჩმა ისიც კი განაცხადა, რომ სამინისტრო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამოყენებისთვისაც მზად არის.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 12 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბელარუსის არჩევნები არ იყო თავისუფალი და მარადმწვანე პრეზიდენტის არალეგიტიმურობაზე გაამახვილეს ყურადღება. სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირში ბელარუსის 40 ოფიციალური პირისთვის ვიზების გაცემის აკრძალვასა და ქონების გაყინვაზე შეთანხმდნენ, ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლისა და არჩევნების გაყალბების გამო. თავად ლუკაშენკო სანქციების სიაში ჯერ არ შეუყვანიათ, თუმცა ევროკავშირმა სანქციების ჩამონათვალის გაფართოების მზადყოფნა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა.
მოცემულობა ასეთია - რეპრესიებისა და სასტიკი ძალის წინაშე დემონსტრანტები დანებებას არ აპირებენ. ევროკავშირის ტონი სულ უფრო მეტად მკაცრდება და მუქარაც რეალობას უახლოვდება. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, თუ რამდენად შეეცდება რუსეთი ნაცადი ხერხის გამოყენებას და წავა თუ არა პრეზიდენტი პუტინი ინტერვენციაზე ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით.
გავიხსენოთ უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები, როდესაც პირველად გამოჩნდნენ კრემლის „პატარა მწვანე კაცუნები“. ქრონოლოგიურად ყველაფერი ასე განვითარდა: ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, მომდევნო დღეს პრორუსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის ბლოკირება მოახდინეს და ყირიმის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის მოთხოვნა გააჟღერეს. შემდეგ კი, საქმეში პუტინის „მწვანე კაცუნები“ ჩართნენ, მათ ყირიმის აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. მალევე, იმავე წლის 1 მარტს რუსეთის დუმამ უკრაინაში ეთნიკური რუსებისა და ზოგადად რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დაამტკიცა. ცხადი გახდა, რომ არაოფიციალური შეიარაღებული ძალები, ყირიმის მიღმა არსებული, უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციისთვისაც მზად იყვნენ.
ბელარუსში პროცესების დალაგება უახლოეს მომავალში რთულად წარმოსადგენია. სწორედ ამიტომ, წარსული გაკვეთილების გათვალისწინებით მსოფლიო ყურადღებით აკვირდება როგორც ლუკაშენკოს, ასევე ოფიციალური მოსკოვის ყველა ნაბიჯს. პუტინმა „მწვანე კაცუნების“ შემდეგ მეთოდები საგრძნობლად დახვეწა, ამას თუნდაც სირიაში „ვაგნერის“ მებრძოლების აქტიურობაც მოწმობს. ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაცია კრემლს არ მოერიდება, ამიტომ ბელარუსში ამგვარი საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.
გურამ სალუქვაძე