საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR-ტესტის ცნობით შეძლებენ.
მისივე თქმით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე მოხდება.
„მათ შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ლაბორატორიულად დადასტურებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით, შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა და ეს იქნება საკმარისი“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.
მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის ზრდას და ეკონომიკის გააქტიურებას, რადგანაც სავალდებულო კარანტინი დიდი დისკომფორტი იყო ექსპორტირებისა და იმპორტიორებისთვის.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR-ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში. მთავარი არის ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს PCR-ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა, დრო, რომ მოიპოვოს PCR-ტესტი, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით“, - განაცხადა თურნავამ.