დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ-ვირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი შედარებით ახალგაზრდა - 40 წლის, დანარჩენი კი 60 წელს ზემოთ ასაკის არიან.
გამყრელიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, ჰქონდათ თუ არა მათ თანმხლები დაავადებები და როგორც ამასთან დაკავშირებით განაცხადა, აღნიშნული დეტალური განხილვის საკითხია.
გარდა ამისა, როგორც დღეს გამყრელიძემ განმარტა, გაზაფხულსა და ზაფხულში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების 70%-80% შემოტანილი იყო, ხოლო შედგომი შემთხვევების რაოდენობაში შემოტანილის წილი მიზერულია და არის დიდი მასშტაბის შიდა გავრცელება.
„ამიტომ შემოდგომას ახალი სლოგანი გვაქვს - ისწავლე თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ანუ თანდათან ცხოვრების ნორმალურ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ და თან ყველა ინფიცირებულს მივცეთ საშუალება, თუ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაა - სახლში დარჩეს და ვისაც სჭირდება, ჰოსპიტალში იმკურნალოს. ეს ინფიცირებულთა 20%-25%-ს სჭირდება. დანარჩენმა მკურნალობა ბინაზე უნდა გააგრძელონ. ჩვენი თანამემამულეების საქართველოში შემოსვლა აღარ უნდა დაიბლოკოს - მით უფრო ჩვენ მათგან ვითხოვთ PCR-ტესტის პასუხს ბოლო 72 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.