„ეს უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობაც 13 წლის წინ შეჩერდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, შეჩერებული მშენებლობის ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტს ახორციელებდა „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და რიგი მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა.
„როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, მაშინვე ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი იყო, რომ ქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები იქნებოდა დასრულებული“, - აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „M2“-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„დღეს უკვე ყველა სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რომ კომპანია სამუშაოების შესრულებას შეუდგეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.