დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.
ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ზ. მ-ს მიმართ.
საქმე ეხება, 2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.
ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.